ცენტრალური საარჩვენო კომისიის შენობასთან ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების” მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ცესკო-სგან „ქართული ოცნების” გამარჯვების დროულად გაფორმებას მოითხოვენ.
კიბერშეტევაზე ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ. ჩვენ მოვითხოვთ ცესკომ დროულად გააფორმოს რეალური შედეგი.” - აცხადებს კოალიციის მხარდამჭერი დავით მაღრაძე.
პოეტ რატი ამაღლობელის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობამ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლება ჩამოართვა და „ქართულ ოცნებას“ გადასცა.,
„ცესკო-სთან იმიტომ შევიკრიბეთ, რომ დავაჩქაროთ იმ რეალური შედეგის გაფორმება, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა. ცდილობენ, რომ საზოგადოება მოთმინებიდან გამოიყვანონ. საქართველოს მოსახლეობამ დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლება ჩამოართვა და "ქართულ ოცნებას" გადასცა. მოვედით აქ მშვიდობიანი აქციით, რათა სასწრაფოდ გაფორმდეს რეალური შედეგი, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოშია", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.
აქციას „ქართული ოცნების” კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელიც შეუერთდა და მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა. ხაბარელის თქმით, ცესკო-სთან აქციაზე მისვლას „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებიც გეგმავდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, სიტუაცია შედარებით განიმუხტა.
მისი განცხადებით, ეს მთელი ერის გამარჯვებაა, რისი დასტურიცაა ის, რომ პრეზიდენტი გადავიდა ოპოზიციაში.
„ამასთან, პროტესტს ვაცხადებთ რამდენიმე მაჟორიტარულ უბანზე პრობლემების შექმნასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისინი შეცვლიან პოზიციას და ყველაფერი კარგად იქნება” - აღნიშნავს ხაბარელი.
მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას” პრობლემები ექმნება ხაშურის, ბათუმისა და დედოფლისწაყოს უბნებზე, ხოლო ზუგდიდში იმის გამო, რომ ირაკლი ალასანია იგებდა, გაყალბებას აქვს ადგილი.