დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათმა პატრონებმა გარედან გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში.
„თავისი არსით, პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში არიან ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია. ყველა ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები და, მათ შორის, ყველა ხედავს იმას, თუ რა იყო მათი პატიმრობის მიზეზი. რეალურად, პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში. თუ პოლიტიკოსი არ აღიარებს დემოკრატიულ სისტემას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევებში, მას შეიძლება, მოუწიოს წასვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და, სწორედ, მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს - არ შეიყვანეს პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში. მათ სცადეს, ვა-ბანკზე წავიდნენ, ხედავდით, პრაქტიკულად, ისტერიული კამპანია იწარმოებოდა არჩევნებამდე. მთელი, ასე ვთქვათ, ბიუროკრატია იყო ჩართული ქართულ, დემოკრატიულ არჩევნებში. გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ადიოდნენ არამარტო პარლამენტარები. უცხოელი პარლამენტარი რომ გამოდის სცენაზე და პოლიტიკური განცხადებებით, საარჩევნო განცხადებებით საუბრობს, ამას არაუშავს. ესეც, რა თქმა უნდა, უხეში ჩარევაა ქართულ დემოკრატიაში, მაგრამ პარლამენტარია და არ მოეთხოვება იმდენი, რამდენიც სხვა პოლიტიკოსს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ სცენაზე, რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ საარჩევნო მოწოდებებით მიმართეს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლებს. ამის შემდეგ, პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამომრჩევლებს მოუწოდა მობილიზებისკენ „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ. აბსოლუტური ისტერიკა იყო. ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც ხდება. ვერ შეეგუვნენ იმას, რომ ქართველმა ხალხმა მაინც მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ამ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს აღებული და, საბოლოო ჯამში, ამ ფონზე, გააგრძელეს ეს დელეგიტიმაციის კამპანია. ზუსტად ამ ფონზე არ შეიყვანეს პარლამენტში საკუთარი მონები, საკუთარი აგენტები და შეიყვანეს ციხეში. მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი, მათი აგენტები, არ მისულიყვნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მათ მიიღეს ყველა გადაწყვეტილება - პარლამენტში არშეყვანასთან დაკავშირებით უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ციხეში შეყვანასთან დაკავშირებითაც უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მათ რომ ეთქვათ, ეს პოლიტიკოსები შევიდოდნენ პარლამენტში, არც ბოიკოტირება მოუწევდათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, არც ციხეში შესვლა მოუწევდათ, მაგრამ გარედან პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში. ესეც ისტერიკის გამოვლინებაა, არაფერში აწყობდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა,"- განაცხადა პრემიერმა.