საქართველოში მყოფი ერთობლივი საპარლამენტო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნების დღემ მთელი ქვეყნის მასშტაბით წყნარ და მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღის ყველა ეტაპი დადებითად შეაფასეს, თუმცა აღნიშნეს, რომ პროცედურული ხარვეზები შეინიშნებოდა. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დილიდანვე დაიწყო, რამაც პროცესის გამჭვირვალობას ხელი შეუწყო.
ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ტონინო პიცულას განცხადებით, მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც უხეშ რიტორიკასა და ნაკლოვანებებს შეიცავდა, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისი ნება თავისუფლად გამოხატა.
„პროცესმა აჩვენა დემოკრატიული არჩევნებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური თავისუფლებებისათვის ჯანსაღი დამოკიდებულება და ჩვენ მოველით, რომ საბოლოო შედეგები ამომრჩეველთა არჩევანს ასახავს“, - განაცხადა პიცულამ.