საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნების შემდგომი შედეგების შესახებ წინასწარი განცხადება გააკეთეს.
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მილან კაბრნოჩის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მისი თქმით, ეს ჩვენ ყველამ საკუთარი თვალით ვიხილეთ კიდეც.
„საქართველოს მოქალაქეებს, თავიანთი ნების გამოხატვისა და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვის საშუალება მიეცათ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მოწმე გავხდით, რომ საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით, საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნებოდა, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეული ნაკლოვანებები აღინიშნებოდა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების შესახებ ყველაზე უფრო დაბალანსებული ინფორმაცია საზოგადოებას „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ მიეწოდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ საქართველოში „must carry”- ის პრინციპი განხორციელდა და კერძო მაუწყებლებს მიეცათ საშუალება საზოგადოებისათვის თავიანთი სიგნალი მიეწოდებინათ“, - განაცხადა მილან კაბრნოციმ და აღნიშნა, რომ მათი საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები, უფრო სრული იქნება რამდენიმე კვირაში და ის ამის შემდეგ გამოქვეყნდება, როდესაც არჩევნების საბოლოო შედეგი დადგება.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დინამიური ურთიერთობის გაძლიერებას. კვლავ ყოველი მხრივ დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას“, - განაცხადა მან.