ადამ მიხნიკი: ის, რაც თბილისის ქუჩებში ვნახე, 100%-ით იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს

ადამ მიხნიკი: ის, რაც თბილისის ქუჩებში ვნახე, 100%-ით იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს

"ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობდა, თუმცა მას, რაც თბილისის ქუჩებში ვნახე მსოფლიო კაპიტალიც ვერ იყიდის“, - ამის შესახებ  ცნობილმა პოლონელმა უფლებადამცველმა, გაზეთ "ვიბორჩას" რედაქტორმა, ადამ მიხნიკმა რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემაში – "აქ და ახლა"-ში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთში არსებობდა სტერეოტიპი – საქართველოს საშინაო საკითხებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან სააკაშვილი და მისი გუნდი პროდასავლურ ძალას წარმოადგენს , მაგრამ გუშინ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა.

როგორც მიხნიკი აცხადებს, ივანიშვილის გუშინდელი განცხადება იყო ნათელი სიგნალი დასავლეთისთვის, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ და მისი საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება.

„ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ივანიშვილის გამოსვლაში გაიჟღერა ფრაზამ - არ იქნება რევანშიზმის განწყობები, იგი ორიენტირებული იქნება თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვანია ის სიტყვებიც, რომ ყველა მოქალაქისთვის საქართველო ერთია. ის, რაც ვნახე, 100%-ით ნიშნავს იმის გამოხატულებას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს. ძალაუფლებას ხშირად ნარკოტიკის მსგავსი ზემოქმედების ეფექტი აქვს და მასთან ბრძოლის ერთადერთი წამალია სამოქალაქო საზოგადოება", - განაცხადა ადამ მიხნიკმა.

ცნობილი პოლონელი უფლებადამცველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებსაც შეეხო. მისი შეფასებით, ემოციები პოლიტიკურ ურთიერთობას ხელს უშლის.

"რა თქმა უნდა, რუსეთი პასუხისმგებელია იმ მოვლენებზე რაც მოხდა, რადგან ის არის დიდი ქვეყანა. რასაც მე საქართველოში ვხედავ, ეს არის ახალი დერეფანი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს და პრობლემების მოგვარების დასაწყისს. თუნდაც ის, რომ ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა, არ ნიშნავს, რომ იგი პუტინის კაცია“, - განაცახადა  ადამ მიხნიკმა და აღნიშნა, რომ ხადარკოვსკიმ, რომელიც დღეს რუსეთში პატიმარია, კაპიტალი აშშ-ში დააგროვა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის მთავრობა გაგებით მოეკიდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.