ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების შესახებ ინფორმაციას სავარაუდოდ, ღამის სამი საათიდან მიიღებს. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებიდან ოქმები კი ცესკო-ში 23:00 საათიდან შევა.
მისი ინფორმაციით, 17.00 საათისათვის საპარლამენტო არჩევნებში ხმა 1 916 395-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 53,03%-სშეადგენს.
„თბილისის ოლქებიდან ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის ოლქში აღინიშნა, სადაც 17.00 საათისათვის 35 119 ამომრჩეველს, ანუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 67,1 პროცენტს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მეორე ადგილზეა ვაკის ოლქი, 62,5 პროცენტს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული. ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობით კი ისნის ოლქი გამოირჩევა, სადაც ხმა 55 940-მა ამომრჩეველმა, ანუ რეგისტრირებულ ამორმრჩეველთა 47,5-მა პროცენტმა მისცა“, - განაცხადა მან.
რეგიონებიდან ყველაზე მაღალი აქტოვობა საჩხერეში დაფიქსირდა, სადაც 17.00 საათისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა 29 766 ამომრჩეველს, ანუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 67,4 პროცენტს ჰქონდა მიღებული. ყველაზე დაბალი აქტივობით კი წალკა გამოირჩევა, სადაც 17.00 საათისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა 7469 ამომრჩეველს, ანუ 30,7 პროცენტს ჰქონდა მიღებული.