გლდანის სამკურნალო დაწესებულებასთან ამ წუთებში ხმაურია

გლდანის სამკურნალო დაწესებულებასთან ამ წუთებში ხმაურია

ამ წუთებში სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც N8 საპატიმრო დაწესებულებაც მდებარეობს, პატიმრის მშობლები ასფალტზე გაწოლილები არიან და მანქანებს საპატიმროში შესვლა-გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

ისინი მოითხოვენ სამკურნალო დაწესებულებაში სამი ადვოკატის და ერთი ჟურნალისტის შესვლას, რომლებიც იქიდან პატიმრების მდგომარეობის შესახებ რეალურ ინფორმაციას გამოიტანენ.

ეს ცნობა from.ge-ს ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა და ნათია სირაძემ აცნობეს. ამ წუთისთვის ნათია სირაძე N18 სამკურნალო დაწესებულების წინ, პატიმრების მშობლებთან ერთად იმყოფება.

ინფორმაციას ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან ხმაურის შესახებ ჩვენთან საუბრისას ადასტურებს სასჯელაღსრულების ახლადდანიშნული მინისტრის პრესმდივანი ნინო ერემაშვილი, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლას და პატიმრების ცემის ფაქტს.

ნათია სირაძის განმარტებით, “დღეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში სპეცრაზმი შეიყვანეს და პატიმრებს ხუთიანის შემოხაზვას აიძულებდნენ, რაზეც მათ უარი თქვეს და ამის გამო პატიმრები ისე სცემეს, რომ დალეწეს“.

from.ge-სთან საუბრისას ნინო ერემაშვილმა განაცხადა, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან პატიმრების მშობლები, რომლებსაც ბლოკირებული აქვთ საპატიმრო დაწესებულების შესასვლელი - “ისინი აფორიაქებულები არიან და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, რომ თითქოს დღეს საპატიმრო დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო შესული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში სიმშვიდეა და იქ არანაირი სპეცრაზმი არ ყოფილა შესული“.