"მასთ ქერის" მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან დოლიძის განაცხადებით, საკაბელო ოპერატორების ნაწილმა ტელეკომპანიების მე-9 არხისა და "მაესტროს" მაუწყებლობა შეწყვიტა.
მისი ინფორმაციით, მე-9 არხი და "მაესტრო" გათიშეს ფოთში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და გორში.
დოლიძის განცხადებითვე, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკაბელო ოპერატორების ნაწილი ისევ აგრძელებს მე-9 არხისა და "მაესტროს" ტრანსლირებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამას კანონი არ ავალდებულებს.
„აბონენტებისა და საკაბელო ოპერატორების ნაწილი ადასტურებენ მზაობას "მასთ ქერის" პრინციპის გაგრძელებასთან დაკავშირებით; თბილისში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ტელეკომპანიების ტრანზიტი შეწყვეტილი იყო, თუმცა ახლა უკვე აღდგენილია“, - განაცხადა მან.
დღესვე, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი თამარ კორძაია ცესკო-ს დადგენილებას გამოეხმაურა, საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ. კორძაიას განცხადებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეების ნაწილის მხრიდან ცესკო-ს დადგენილება არასწორად იქნა გაგებული, რის გამოც ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეეშალათ და რამდენიმე მათგანს ფლიპ-კამერით გადაღების საშუალებაც კი არ მისცეს, ხოლო ერთ-ერთი ჟურნალისტი გლდანის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს.