საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიაში იმყოფებოდა. პრეზიდენტი რაიონის საჯარო სკოლის ეზოში მივიდა, სადაც ერთ-ერთი საარჩევნო უბანია განთავსებული.
სააკაშვილი ამომრჩეველს მიესალმა და სკოლის დირექტორს შეხვდა. შემდეგ კი რაიონი ვერტმფრენით დატოვა და ქუთაისს ეწვია.
სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობასთან მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სიტყვით მიმართა.
სააკაშვილის განცხადებით, დღევანდელ დღეს ხალხი აქტიური და მხნეა და აღნიშნა, რომ უნდა ეს ისტორიული დღე საკუთარი თვალით ნახოს. მისივე ინფორმაციით, ქუთაისელ პოლიციელს 100 000 აშშ დოლარი შესთავაზეს, რომ გაყიდულიყო.
„ახლა შემხვდა ქუთაისში პოლიციელი, რომელსაც სთავაზობდნენ 100 000 აშშ დოლარს, რომ გაყიდულიყო. მან მითხრა, რომ ეს ოჯახის, ქვეყნის ღალატი იქნებოდა. ასეთი ხალხისგან შედგება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჩვენი ხალხი ყოველთვის გაიმარჯვებს. ის არ იყიდება, არაფერზე იცვლება, იცის თავის სამშობლოსთვის გადამწყვეტი მომენტები როდის არის. მე მართლა ვამაყობ და ვიამაყებთ ჩვენი ხალხით", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მსოფლიო რუქაზე დამკვიდრდა როგორც ძალიან მაგარი ქვეყანა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვერავინ ვეღარაფერს ვერ არევს.
„ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობა ამუშავდება და ძალიან ბევრ მაგარ რაღაცას გააკეთებს ქვეყნისთვის, იმ მთავრობასთან ერთად, რომელსაც ისინი დააკომპლექტებენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დღეს მესტიაში, ამბროლაურსა და ხაშურშიც იმყოფებოდა.