"დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე მესამე ოლქის N2 უბანზე, დღის 12 საათისათვის მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ ბურჯანაძემ ჟურნალისტებისათვის კომენტარი გააკეთა:
„უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას ვთხოვო, რომ აბსოლუტურად ყველა მოვიდეს არჩევნებზე, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ეს იქნება იმისი გარანტი, რომ არჩევნების გაყალბების პროცედურები ძალიან გაურთულდება ხელისუფლებას. ამიტომ, ყველა მოქალაქეს მინდა ვთხოვო, რომ მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივიილ ვალი და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანას გაუჩნდეს შანსი რეალური ცვლილებების და გაუჩნდეს შანსი რეალური განვითარების. ამასთანავე არ შემიძლია არ შევეხო იმ ძალიან მძიმე წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც იყო ქვეყანაში. საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო იყო აბსოლიტურად არასამართლიანი და ძალიან სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს არჩევნებს ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არ იყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისათვის დამახასიათებელი წინა საარჩევნო გარემო“.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გუშინ, გვიან ღამით, გურჯაანის რაიონში მომხდარ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:
„ძალიან მძიმე იყო ის ფაქტი, რომელიც გუშინ საღამოს ყველამ ვიხილეთ. მე მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ჩვილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებს და მინდა დავიტოვო იმედი იმისა, რომ მართლაც გამოძიებული იქნება ეს საშინელი ტრაგედია. ძალიან ძნელია ადამიანმა ასეთი სიმხეცე წარმოიდგინო. ძნელია იმის დაშვებაც კი, რომ ეს ვინმეს მხრიდან არის შეგნებულად გაკეთებული, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არის ასეთი ვითარება, ბუნებრივად ჩნდება კითხვები. მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანაში არის არანორმალური მდგომარეობა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ისმება სერიოზული კითხვის ნიშნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ აქვს უფლება უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის, უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. ყველას ინტერესებშია, რომ გამოძიება ჩატარდეს უმოკლეს ვადებში და სიმართლე გაიგოს საზოგადოებამ“.
ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობა და ქვეყანაში რეალური ცვლილებები უსურვა:
„ყველას გისურვებთ ერთხელ და სამუდამოდ მიგვეღწიოს იმისთვის, რომ საქართველოში აღარ ტარდებოდეს ისეთი არჩევნები, რომელზეც უამრავი ადამიანის ყოფნა არყოფნაა დამოკიდებული, ერთხელ მაინც მივაღწიოთ ნორმალური ვითარების შექმნას, როდესაც არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, მშვიდად, ნორმალური პროცედურების დაცვით და ეს არჩევნები არ იქნება ასეთი ისტორიული და გადამწყვეტი ქვეყნისათვის“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.