დათა ახალაიას სიმამრის, დათო ბენიძის მტკიცებით, ის სახლი, რომელზეც ლევან ჩიტაძეს აქვს საუბარი, მას ეკუთვნის და არა - ბაჩო და დათა ახალაიებს.
ამის შესახებ ბენიძემ სწორედ აღნიშნულ სახლთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ სახლის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს დაასრულა. და ის გაფორმებულია მისი ცოლის იზო ბენიძის სახელზე.
ბენიძე აცხადებს, რომ ლევან ჩიტაძეს არ აქვს სწორი ინფორმაცია, რადგან დათა ახალაია მხოლოდ 8 თვეა, მისი სიძეა და მისი აშენებული ეს სახლი ვერანაირად ვერ იქნება.
„უბრალოდ, დათა ახალაია აქ ხშირად არის-ხოლმე, ხშირად ღამესაც ათევს, რადგან მისი მეუღლე, ჩემი ქალიშვილი არის ორსულად და ქართული წესიდან გამომდინარე ის იმყოფება თავის მშობლებთან.
დათა ახალაია არის ძალიან კარგი სიძე და მე ძალიან ვაფასებ მას. ასე რომ, ამ სახლის მშენებლობა მე დავასრულე 2010 წელს და ის ინიციალები, რაც სახლზეა გამოსახული - "დ" და "ბ" არის სწორედ ჩემი სახელი და გვარი და არ არის დათა და ბაჩო ახალაიების სახელების პირველი ასოები", - განაცხადა დათო ბენიძემ.
უფლებადამცველ ლევან ჩიტაძის განმარტებით კი, ახალაიებმა გამოგზავნეს დათა ახალაიას სიმამრი იმ დროს, როდესაც გაიგეს, რომ აქ ჟურნალისტები უნდა მისულიყვნენ.