"სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი ფოთის მოსახლეობას მიმართავს.
ზურაბიშვილი ფოთის მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ის აქვე ფოთის მოსახლეობას ბოდიშს უხდის, რომ ამ დღებში მათ გვერდით არ იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ხვალ, საქართველოში იქნება და პირველ ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს.
როგორც მიმართვაში ზურაბიშვილი აცხადებს, „დარწმუნებული ვარ რომ ეკა თავისი ერთგულებით და სიმხნევით თქვენთან ერთად და ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს“.
„დღეს როგორც არასოდეს მინდოდა თქვენთან ვყოფილიყავი და ამ დღეს, როცა ტრადიციულად დიდი ნიკოს დაბადების დღისათვის მის სახლში ვიკრიბებოდით, თქვენთან ერთად მეზეიმა ეს დღესასაწაული. როგორც ვაპირებდი, თქვენთან რომ ჩამოვსულიყავი, გეტყოდით, თუ რამდენად მიმაჩნია ნიკო ნიკოლაძეს მემკვიდრეობა ხვალინდელ საქართველოსთვის. არა იმიტომ რომ ჩემი წინაპარი იყო, თუმცა ამით ძალიან ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ არამედ, იმიტომ რომ ის იყო თავის დროს და ყველა დროში სახელმწიფო მოღვაწე, როცა ამ სიტყვის მნიშვნელობა დაგვიკარგეს და წაბილწეს, იყო ნამდვილი მშენებელი, როცა სიტყვის უზურპაცია მოახდინეს და ნგრევის და განადგურების სინონიმად აქციეს. იყო და არის მაგალითი იმის, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის სიყვარული არა ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებით გადმოცემული არამედ, საქმეში და ყოველდღიურ დაუღალავ ქმედებაში.
მე თქვენ არ გასწავლით მან რამდენი რამ დაუტოვა თავის სამშობლოს. ჩემზე უფრო კარგად იცით ფოთელებმა. მე იმის გახსენება მინდა, რომ ასეთი უანგარო მოღვაწეობა გვჭირდება სწორედ დღეს. გვჭირდება ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან კლანის საქმეს გააკეთებენ და შეეწირებიან, გვჭირდება ადამიანები უშიშარნი და ერთგულნი. გვჭირდება ადამიანები არაფარისევლები არამედ, სიმართლის მთქმელნი. გვჭირდება ყველაზე უფრო ჩვენი შვილებისათვის მაგალითები, რომლის შემყურე ისინი გაიზრდებიან ხვალინდელ საქართველოს აღშენებლობისათვის. ამიტომ მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ერთი ესეთი ადამიანი გყავთ ფოთში და ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ეკა თავისი ერთგულებით და სიმხნევით თქვენთან ერთად და ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს. მიხარია, რომ ვერ გაიხსნა ნიკო ნიკოლაძეს დაპროექტებული ტაძარი სხვა, არა სწორი სულისკვეთებით. იმედი მაქვს, რომ მალე გაისხნება ახალ საქართველოს ერთ-ერთ პირველ ზეიმად. მინდა კიდევ, ჩემო ფოთელებო, ჩემი სიყვარული გაგიზიაროთ ჩემი იმედი, რომ ამ დღეებში, ეს დიდი ბრძოლა მშვიდობიანად და სამართლიანად დამთავრდება. ბოდიში მოგიხადოთ, რომ თქვენთან ვერ ჩამოვედი სამაგიეროდ, შაბათს თქვენთან ვიქნები და პირველში ჩემს მოვალეობას საქართველოში მოვიხდი და თქვენსავით სწორ არჩევანს გავაკეთებ. ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველო გაიმარჯვებს!“, - აცხადებს ზურაბიშვილი მიმართვაში.