ტრამპის კამპანია ძირითადად აგებული იყო ერთის მხრივ ეკონომიკაზე და მეორეს მხრივ მშვიდობის უზრუნველყოფაზე მსოფლიოში. და ასევე კონსერვატორულ ღირებულებებზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამერიკის მომდევნო ადმინისტრაცია იქნება უფრო მეტად კონსერვატიული იდეოლოგიის და ღირებულებების მატარებელი ადმინისტრაცია, რაც რა თქმა უნდა შეცვლის გარკვეულწილად ამერიკის საგარეო მიდგომასაც, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც აშშ-ში არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით ადევნებდა თვალ-ყურს.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის პოლიტიკა არის მშვიდობის პოლიტიკა, რაც სრულად თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ გუნდის იდეოლოგიასთან.
„ჩვენ მოვისმინეთ მის პირველ გამოსვლაში, რომ ის არ აპირებს ომების დაწყებას, არამედ აპირებს ომების შეჩერებას. მის რიტორიკაში ისმის მშვიდობის აუცილებლობა.
მსოფლიოსთვის იქნება ცვლილებების მომტანი, მისი ინაუგურაცია შედგება იანვრის ბოლოს და სწორედ ამ პერიოდიდან უნდა ველოდოთ რეალურად გარკვეულ ცვლილებებს, როგორც შიდა პოლიტიკაში, ასევე, საგარეო პოლიტიკაში. თუმცა ძალიან კარგი და დამაიმედებელია ის, რომ მისი პროგრამა კონსერვატორულ იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე იყო დაფუძნებული, რაც სრულად თანხვედრაში მოდის ჩვენი პოლიტიკური გუნდის იდეოლოგიასთან და ფასეულობასთან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.