პოლიტიკური ექსპერტის, გია ხუხაშვილის შეფასებით, სტუდენტების მიერ დღეს არსებულ ვითარებაში მიმდინარე აქციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ის ამ პროცესს არჩევნებთან არ აკავშირებს.
როგორც ხუხაშვილმა For.ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რომ დღეს სტუდენტებმა გაიღვიძეს ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე სხვა პოლიტიკური პროცესები და მისი არჩევნებთან დაკავშირება არ შეიძლება.
„სტუდენტების აქციების არჩევნებთან დაკავშირება სტუდენტების მოძრაობისა და მოთხოვნების დაკნინება იქნება. მათ გააქტიურებას კი უფრო გრძელვდაიანი ინტერესი და დატვირთვა აქვს , ვიდრე არჩევნებია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ სტუდენტები ასეთ აქტიურობას სამომავლოდაც გააგრძელებენ, მაშინ, „როცა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მოვა“.
„მე ვისურვებდი, რომ თუ კი ახალი ხელისუფლება რამეს ისე ვერ გააკეთებს, როგორც ქვეყნის ინტერესებს სჭირდება, ისინი ისე აქტიურად გააპროტესტებენ ამ ყველაფერს, როგორც დღეს. მერწმუნეთ, მათ ამის ყველანაირი საშუალება შეექმნებათ. მჯერავს, რომ გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებაც და მედიაც, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ხელისუფლება ხიბლის ქვეშ აღმოჩნდება და ახალი სისტემის მძევალი გახდება“, - დასძინა ხუხაშვილმა.