სააკაშვილის, პატარკაციშვილის, ჟვანიას,უგულავას, მერაბიშვილის, ჩხარტიშვილისა და კიწმარიშვილის შეხვედრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გავრცელდა
სოციალურ ქსელებში, კონკრეტულად youtube - ზე რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი ჩანან. ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, „ვარდების რევოლუციიდან“ მალევეა გადაღებული, გუშინაა ატვირთული.
ვიდეოჩანაწერებში საუბარია ტელევიზიებში კადრების გადანაწილებასა და კონკურენციაზე.
ერთ-ერთ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ საყვედურობს „რუსთავი 2“-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი ბადრი პატარკაციშვილს იმის გამო, რომ ჟურნალისტები მისი არხიდან „იმედზე“ გადადიან.
„ბაზარია და კონკურენციაა, სახაშიდან ხომ ვერ მოვიყვანდი ხალს? თუ ვიღაცეები ჩვენთან მოდიან იმიტომ, რომ მეტი ხელფასია, მე რა ვქნა?“ - პასუხობს პატარკაციშვილი კიწმარიშვილს.
ამავე ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უნდა შედგეს გეგმა, თუ როგორ მოხდება ტელეკომპანიების ინტეგრაცია ისე, რომ მათ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.
„მე და ჟვანიას ერთმანეთში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა, როცა „გაიასნებულია“ პირველი, მეორე, მესამე - ანუ თანამდებობები გადანაწილებულია, აბსოლუტურად დალაგდა ურთიერთობა. ეს რომ ჩაფლავდეს, მე ვარ დაღუპული და პირიქით, ახლა მეგობრები ვართ. მტრებსაც შორისაც შეიძლება ასეთი ურთიერთობა წამოვიდეს, თუ იქნება ინტერესი. ასე რომ, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ“, - აცხადებს სააკაშვილი.
კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, ბადრი პატარკაციშვილი შეხვედრას უკვე ვანო ჩხარტიშვილსა და ვანო მერაბიშვილთან მართავს. მასში პატარკაციშვილი ხელისუფლებას მერის ინსტიტუტის დაშლის გამო საყვედურობს.
„ბეჟუაშვილმა ხომ „შეგვიკიკინა“ საერთოდ. სიგარეტის ბიზნესზე, მე წამოვიღე ორგანიზაცია თავისი ვალებით და მილიონნახევარზე გვქონდა საუბარი. მე ყველაფერი გავაფორმე, მაგრამ ამის მერე ბეჟუაშვილი წავიდა. გიგის ვუთხარი, თუ გადამაგდეთ, მითხარი და არა პრობლემა-მეთქი. ამის მერე დაიწყეს 30 მილიონზე ლაპარაკი. მილიონნახევარი იყო შეთანხმების საგანი“, - ამბობს პატარკაციშვილი.
Youtube-ზე გავრცლეებული ჩანაწერები, სავარაუდოდ, 2005 წელსაა გადაღებული.
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=aoy09h2DbUo http://www.youtube.com/watch?v=MP5OfztOGgs
http://www.youtube.com/watch?v=64iGWu8Gsek&feature=plcp
http://www.youtube.com/watch?v=Dphjv9JmRLM&feature=context-cha
http://www.youtube.com/watch?v=q2jl1BCR0TI&feature=context-cha