ახალგაზრდები პატიმრებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს კიდევ ერთხელ გმობენ და მთავრობას სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას მიმართავს უგზავნის.
მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს სტუდენტები, ახალგაზრდები, სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მიმართვაში ახალგაზრდები აცხადებენ, რომ პენიტენციალურმა სისტემამ არამარტო პატიმრებს, არამედ მთელს საზოგადოებას მიაყენა შეურაცყოფა.
„ჩვენ ერთიანი, ერთი ღირსების მქონე საზოგადოება ვართ და პატიმრებზე განხორციელებული მარაზმით პენიტენციალურმა სისტემამ არამარტო მათ, არამედ ჩვენს მთელს საზოგადოებას მოგვაყენა შეურაცყოფა. დღეს ჩვენ ყველანი რეჟიმის მძევლები, ვავალდებულებთ ჩვენს მიერ დაქირავებულ მთავრობას, რომ პენიტენციალურ სისტემაში დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე, დაწყებული ყველაზე ზემდგომი პირიდან დამთავრებული რიგითი ბადრაგით. სისტემა უნდა დაინგრეს!" - ნათქვამია მიმართვაში.
მასში ახალგაზრდები ხელისუფლებას პატიმართა უფლებების დაცვას, მათ წამებაში მონაწილე პირების კი უმკაცრესად დასჯას თხოვს.
„რადგან დღეს ჩვენმა მთავრობამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები, საზოგადოება უნდობლობით აღჭურვილია და ამიტომ მოგიწოდებთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები, რომ არამარტო ერთეულები არამედ მთელი საზოგადოების მიერ დაქირავებული პირები უმკაცრესად დაისაჯონ, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აღებული, ემართათ და ასევე ეკონტროლებინათ პენიტენციალური სისტემა. მოვითხოვთ დაცული იყოს პატიმრების უფლებები. დაცულნი იყვნენ ისინი იმ კონსტიტუციით, რომელიც ადამინის უფლებებს იცავს, უზრუნველყოფილნი იყვნენ ჯანდაცვით, რადგან გვაქვს ინფორმაცია რომ სახელმწიფო ახლაც გულგრილად ეპყრობა მათ ჯანდაცვას", - აღნიშნულია მიმართვაში.
ამასთან, სტუდენტები ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენაც მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ გაყალბებულ არჩევნებს არ აპატიებენ.
„ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და მოვითხოვთ კანონის ფარგლებში ჩატარდეს არჩევნები, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ხალხში უნდობლობაა და სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მთავრობამ აღიდგინოს სტატუსი, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები! ჩვენ არ გაპატიებთ გაყალბებულ არჩევნებს! მოგიწოდებთ, რომ გულგრილობა დანაშაულია! თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა უზრუნველყოთ არჩევნების სამართლიანად ჩატარება. მთავრობის მიერ ყველა გაყალბების მცდელობის დაშვება, არ დაგმობა და შესაბამისი რეაგირების არ გაკეთება უტოლდება განხორციელებული პენიტენციალური დანაშაულის სისასტიკეს და ყოველივე ამის ჩამდენი არის ის ჯალათი, რომელიც გამოაშკარავდა ბოლო მოვლენების დროს. ჩვენ მშვიდობიანად გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს! არა ძალადობას! ჩვენ გვტკივა თქვენი დემოკრატია“, - ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ ერი ერთ მუშტად შეკრულნი გმობს ამ უსამართლობას.