პუერტო რიკოსთან ახლოს, ქალაქ პონსეში მოგზაურობის დროს ჩვეულებრივი სახლების ახლოს, აუცილებლად შენიშნავთ, ცენტრალური გზის მოსახვევში მდგარ მფრინავ თეფშს. ეს ამოუცნობი ობიექტი 58 წლის რობერტო სანჩეს რივერას საცხოვრებელი სახლია, რომელიც მან საკუთარი პროექტით შექმნა და თავის ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა. გოგონას, რომელსაც არასდროს სჯეროდა სანჩესის ცხოვრებისეული წინსვლისა და წარმატებების. სახლი არა მხოლოდ ფორმით ჰგავს მფრინავ თეფშს, არამედ განათებთ, ვიზუალური და ხმოვანი ეფექტებით.
ამ ამოუცნობი ობიექტის, შექმნის ისტორია 40 წელს ითვლის, რობერტომ სწორედ ამდენი წლის წინ, სკოლაში გადაწყვიტა შეექმნა სახლი, რომლის ანალოგი დედამიწაზე არ იქნებოდა და რომელიც ირგვლივ მყოფთა ინტერესსა და გაოცებას გამოიწვევდა. ახლა ის ამაყობს საკუთარი ქმნილებით: „მსოფლიოში ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი სახლია, ბევრი ცნობილი ადამიანის სასახლე, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ნახვისას მანქანები მექანიკურად არ ჩერდებიან და მძღოლები პირს არ აღებენ გაოცებისგან“- ამბობს სანჩესი და დასძენს, რომ თავის ამ ქმნილებას სრულყოფილებამდე კიდევ ბევრი უკლია, აპირებს სიცოცხლის ბოლომდე იმუშაოს, რათა ყველა დეტალი კარგად დახვეწოს.
ამ უნიკალურ სახლში არის ერთი სიმბოლური სურათი, რომელიც სახლის ისტორიაზე საუბრობს: უკანა ფონზე შორს მიმავალი გოგონას სილუეტია გამოსახული, წინა ფონზე კი მოხუც მამაკაცს დანაოჭებული ხელი ახალგაზრდა ბიჭის მხრებზე უდევს, ბიჭს თვალები ცრემლებით აქვს სავსე. ფოტოს არსი სანჩესის პირადი ცხოვრებიდან მომდინარეობს, ეს არის ამაღელვებელი ისტორია სანჩესის სიყვარულზე, სტუდენტის, რომელიც საყვარელმა გოგონამ, მასზე ბევრად წარმატებული და გამოცდილი მამაკაცის გამო მიატოვა. სანჩესს კი, პირდაპირ მიახალა, რომ ის ყოველთვის უიღბლო იყო და წარმატებასაც ვერასდროს მიაღწევდა.
სანჩესმა სახლი სპეციალურად ააშენა გზისპირზე, რომ ამ ქალს იქ გამოევლო, გაოცებულიყო და ენახა, რომ მანაც შესძლო ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება. სახლს მფრინავი თეფშის ფორმა იმიტომ მისცა, რომ სწორედ ასეთი მფრინავთეფშიან სასიყვარულო ბარათებს უგზავნიდა გოგონას. როგორც თავად ამბობს, მოვლენები სწორედ ასე განვითარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას 40 წელი მოანდომა. იმ ქალმა ამ სახლის ნახვის შემდეგ, მასთან ურთიერთობის აღდგენაც კი დააპირა. პირადად დაათვალიერა ყველა ოთახი და აღფრთოვანებასაც არ მალავდა, თუმცა როგორც სანჩესი ამბობს, გრძნობა ამ ქალის მიმართ დიდი ხანია აღარ აქვს და მასთან დაბრუნებას არც არსდროს აპირებს.