19 წლის წინ სოხუმი დაეცა…..

19 წლის წინ სოხუმი დაეცა…..

1992-93 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დამთავრდა.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში 1993 წლის 27 ივლისს დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბერს დაირღვა. სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. მათ მხარს ჩრდილოეთ კავკასიის დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზა უჭერდა მხარს. შეთანხმების შედეგად, საქართველოს ამ დროს კონფლიქტის ზონიდან ჯარების უდიდესი ნაწილი უკვე გაყვანილი ჰყავდა.

1993 წლის  26 სექტემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე აგუძერაში ქართული შენაერთების დროებით შტაბში გადაიყვანეს (28 სექტემბერს, გამთენიისას, ის ბაბუშერიდან ბათუმში გადააფრინეს და იქიდან თბილისში დაბრუნდა), გია ყარყარაშვილმა კოდორის ხიდზე გადმოსვლა მოახერხა, თან რამდენიმე ათეული ჯარისკაცი და  ორიოდე სამხედრო ტექნიკაც გადმოიყვანა,  თუმცა თითქმის აღებული სოხუმისთვის ეს დახმარება იმდენად მცირე იყო, რომ ქალაქში მდგომარეობა არ შეცვლილა. 27 სექტემბერს, გამთენიისას   ქართული ჯარი  და  მშვიდობიანი მოსახლეობა ოჩამჩირეს უკვე უბრძოლველად ტოვებდა...

სოხუმში კი მინისტრთა საბჭოს თავზე ჯერ კიდევ ფრიალებდა საქართველოს დროშა. დილის 9 საათზე მინისტრთა საბჭოში აპარატის თანამშრომლებს ჟიული შარტავამ ტრადიციული დილის თათბირი ჩაუტარა, დავალებები მისცა, მერე მუშაობას შეუდგა.12 საათზე მოწინააღმდეგემ მთავრობის სახლის იერიში დაიწყო. სეპარატისტებმა მთავრობის სასახლეში დარჩენილ თანამშრომლებს ჩაბარება სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ,  სეპარატისტებმა ეზოში გამოიყვანეს შენობაში დარჩენილები და ეზოში დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, რაულ ეშბა, უგზოუკვლოდ დაიკარგა ალექსანდრე ბერულავა.  „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია, ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი“-ეს სიტყვები ჟიული შარტავამ სოხუმის დაცემის წინა დღეს თქვა, როცა ქალაქის დატოვება და სამშვიდობოს გასვლა შესთავაზეს მთავრობის წევრებს...

27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, ქალაქში შესულმა სეპარატისტულმა რაზმებმა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის ხოცვა დაიწყეს. ოფიციალური მონაცმებით,  გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა.