საქართველოში ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმყოფება. ის ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას დაესწრო და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გახსნას ესწრებოდეს.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს, იმ ქვეყნის წარმატებაში, რომელიც აშკარად დიდ ძალისხმევას დებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, საქართველოს უნგრეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს, იმ დიდ გზაზე, რომელიც ჩვენს წინაშეა.
„დღევანდელ სამყაროში ქვეყნები ეძებენ გზას, რომელიც გამოიყვანს მათ კრიზისიდან, ახალი აეროპორტების გახსნა ნიშნავს იმას, რომ არსებობენ ქვეყნები, როიმლებმაც სათანადო გზა უკვე ნახეს. ამ მხრივ, საქართველოს პოლიტიკა ჩვენთვის ფასეულია“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ამასთან, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთისთვის საქართველოს წარმატებაში წვლილის შეტანა დიდი პატივია.
„ნამდვილად დიდი პატივია, რომ უნგერელებს საშუალება მოგვეცა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს წარმატებაში. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი მეგობრის წარმატებას ესწრები, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ შენც შეგაქვს წვლილი მის წარმატებაში. ჩვენ აქ ვესწრებით საქართველოს წარმატებას – ქვეყანაში მესამე საერთაშორისო აეროპორტის გახსნა უაღრესად მნიშვნელოვანია დღევანდელ კონკურენტულ გარემოში. უნგრულმა 5-მა კომპანიამ შეიტანა თავისი წვლილი ამ აეროპორტის მშენებლობაშ, მაგრამ ჩვენთვის, ქვეყნების არჩეული ლიდერებისთის ბიზნესი უფრო მეტია, ვიდრე მოგება, ჩვენ ასეთ შემთხვევაში, ვხედავთ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას, მეგობრობას“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.