პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და მათ „ქართული ოცნების“ ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
დედოფლისწყაროში შეხვედრამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ავტოკოლონებისა და საყვირების ფონზე ჩაიარა.
ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ეს ახალგაზრდები ჩვენი დები და ძმები არიან, საკუთარი საქციელით ისინი კარგად აჩვენებენ სააკაშვილის რეჟიმს, რომელმაც ასე - სტვენითა და „პიპინით“ ქვეყანა დაანგრია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე თამაზაშვილმა სიტყვით მიმართა.
„ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა სატელევიზიო პროექტ „ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„აი, ამათ ასწავლიან ბავშვებს, ეს იდეოლოგია დააფუძნა ერთმა კაცმა. ერთ კაცს აქვს სურვილი დააპირისპიროს საქართველო და საქართველოს მთელი კუთხე-კუნჭული. მომღერლები დახლიჩა, მსახიობები დაყო, სპორტსმენებიც კი, დააპირისპირა ერთამენეთს. ეს არის ამ კაცის ხასიათი, მაგრამ ჩვენ, ღირსეულად ვდგევართ. ჩვენ უკვე გამარჯვებულნი ვართ. ახლა აუცილებელია, დინჯად დავდგეთ. მათ ეს პროვოკაციები ვერაფერს დაგვაკლებს. მაგარი მობილიზაცია გვაქვს, არ შეგეშინდეთ, ვერაფერს ვერ გაგვიყალბებენ. განცალკევება, დაპირისპირება და წამება აი, ეს დანერგა ამ კაცმა და თავი მოგვჭრა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის მოსახლეობასთან სიტყვით მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების სიგნალისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
„უპიპინეთ, უპიპინეთ მიშებო, ოთხი დღე დაგრჩათ საპიპინებლად“, - მიმართა ივანიშვილმა მათ.