გოგა ხაინდრავა საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვას ფრანგულ სასამართლოში აპირებს

გოგა ხაინდრავა საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვას ფრანგულ სასამართლოში აპირებს

გოგა ხაინდრავა საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვას ფრანგულ სასამართლოში აპირებს ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ამის შესაძლებლობა მას სწორედ ფრანგულ სასამართლოში მიეცემა. ამის შესახებ ხაინდრავამ  "ამომრჩეველთა ლიგის" ოფისში გამართულ  საგანგებო ბრიფინგზეისაუბრა. იგი საფრანგეთის სასამართლოში სარჩელს შეიტანს და როგორც ქართული, ისე ფრანგული მხარიდან განმარტებებს და მასთან დაკავშირებული მასალების გარშემო, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას მოითხოვს.

 როგორც ხაინდრავა აცხადებს  ფრანგულ სასამართლოს არჩევნების შემდეგ მიმართავს. დღეს ის უკვე შეხვდა საფრანგეთის ელჩის მოადგილე მიშელ ბარას, რომლის წინაშეც საფრანგეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, ყველა ოფიციალურ სტრუქტურასთან შეხვედრის საკითხი დასვა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფრანგულ მხარეს ჩემს მიმართვაზე მყისიერი რეაგირებისათვის. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორაზროვნად მიანიშნა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომ ეს ყველაფერი შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს. ასეთი ფაქტები აქამდეც მრავლად მომხდარა და არაერთი არჩევნების წინ ამუშავებულა სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა ჩემს წინააღმდეგ", -განაცხადა ხაინდრავამ.

ელჩის მოადგილესთან შეხვედრისა და მისი პოზიციის მოსმენის საფუძველზე ხაინდრავას იმედი აქვს, რომ მას საფრანგეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან შეხვედრის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა.

რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების და წეს-წყობილების დამხობის საკითხს, ხაინდრავა ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ადგილი აქვს აღვირახსნილ ტერორს, ფალსიფიკაციას და ცილისწამებას როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის წინააღმდეგ. მომხდარს გოგა ხაინდრავა ერთმნიშვნელოვნად მის ახალ ფილმს, "დემოკრატიის შუქურას" უკავშირებს.

სადაც მან  დეტალურად ასახა ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ჩადენილი აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.

 ხაინდრავას განცხადებით, მისი ფილმი  "დემოკრატიის შუქურა"  როგორც ევროპის რამდენიმე დედაქალაქში, ისე შეერთებულ შტატებში იხილეს.

"ტერორისტულმა ხელისუფლებამ შეტევა დაიწყო ჩემს წინააღმდეგ, ამ დანაშაულებრივმა რეჟიმმა ფაბრიკაცია გაავრცელა და შელახეს ჩემი პატივი და ღირსება. ვითარება ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი მოქალაქის შევიწროება. ეს არის სახელმწიფო დანაშაული",- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 ხაინდრავამ ასევე გაიხსენა, რომ  მის მიმართ ანალოგიური ტიპის ბრალდებებით საქართველოს ხელისუფლება და სააკაშვილი მის წინააღმდეგ 2007 წელსაც გამოვიდა.

გოგა ხაინდრავას თქმით,  იმ პერიოდშიც მას სახელმწიფო ღალატსა და გადატრიალების მცდელობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა, საარჩევნო პროცესების ჩავლის შემდეგ, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აღარავის გახსენებია.

შეგახსენებთ,მთავარმა პროკურატურამ  გუშინ გაავრცელა მასალა, რომელიც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააცნო. მისი განმარტებით, ფრანგული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესს საკითხებს ეხება.

ზოდელავას თქმით, "კანონიერი ქურდების" ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, "მხედრიონის" ტიპის ფორმირების შექმნა და "ქურდების" გავლენის აღდგენა წარმოადგენდა.

საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და "მხედრიონის" მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.