ბოთლზე დასმული მედია

ბოთლზე დასმული მედია

"არასოდეს შეწყდება თვალთვალი, დასმენა, დაპატიმრება, წამება, დახვრეტა, გაქრობა. ეს ისევე იქნება ტერორის სამყარო, როგორც ტრიუმფისა. რაც უფრო გაძლიერდება პარტია, მით ნაკლებ შემწყნარებლური იქნება, რაც უფრო დასუსტდება ოპოზიცია-მით უფრო იმძლავრებს დესპოტიზმი".

ჯორჯ ორუელი "1984"

მას შემდეგ, რაც ეს ვიდეოები ვნახე, დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს. თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებს, მე ხომ ეს ვიცოდი!!! რატომ არაფერი გავაკეთე? ის არასრულწლოვანი ბიჭი ჩემნაირი გულგრილი ადამიანების გამო აწამეს! ვინ იცის, კიდევ რამდენია მისნაირი! რატომ არ ვიყვირე? რატომ არ ვუთხარი ყველას ის, რაც ბევრჯერ გამეგონა?! მე ეს ვიცოდი! მე ხომ ეს უკვე დიდი ხანია ვიცოდი!

არათუ არ ვთქვი, ერთ მეგობარს  შენიშვნაც კი მივეცი, როცა ამ თემაზე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. უცხოელ კოლეგებს ეუბნებოდა, საქართველოს ციხეებში განსხვავებული მენტალიტეტი, პოზიცია ან აზრი, გაუპატიურებით ისჯებაო.

იმათ სახეები მოეღრიცათ...

ჩემი მეგობარი გვერდზე გავიყვანე და ვუთხარი, ეს მეტჯერ არ თქვა–მეთქი. პატიმრების დუბინკით გაუპატიურებაზე რომ იწყებ ინგლისელ და ამერიკელ ექსპერტებთან ლაპარაკს, მაინც არავინ გიჯერებს. მერე შენ გიყურებენ, როგორც რადიკალს და მიკერძოებულს. ჰგონიათ, რომ ახლაგაზრდა დემოკრატიის სირთულეები არ გესმის, ან სამსახური დაკარგე და გულგატეხილი ხარ, სხვა პარტიას გულშემატკივრობ და იმიტომ გინდა მმართველ გუნდს სახელი გაუტეხო. სახეზე ეტყობათ, რომ ასე ფიქრობენ. მათი აზრით, ასეთი ვერ მოხდება ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს თანასწორივით ელაპარაკება უაქცენტო ინგლისურით.

2004 წლიდან მოყოლებული ხან თბილისში და ხან ლონდონში დღეში ერთხელ მაინც მიხდება სააკაშვილზე და მის გუნდზე ლაპარაკი. ან 'ბი-ბი-სის" რედაქტორს ვთავაზობ გადაცემის იდეას, ან რომელიმე კოლეგა მასალას ამზადებს "კავკასიაზე" და აზრი აინტერესებს. ხან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მთხოვს რაღაცის კომენტირებას და დაზუსტებას. ხან საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარებული ტრენინგის მერე აღფრთოვანებულ ტრენერს უნდა ვუთხრა, რომ პირველ არხზე ისევ ისე მოატყუებენ მაყურებელს, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

ამ წლების განმავლობაში ბვერჯერ მითქვამს, რომ სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომ სპეც-ოპერაციების დროს არაერთი ადამიანია დაღუპული, რომ პატიმრების და პრობაციონერების რაოდენობა უსაშველოდ იზრდება, რომ ნაციონალურ მედიას პარტიის ‘პიარშიკები’ აკონტროლებენ, მაგრამ არასოდეს არ მომიყოლია რომ საპატიმროებში ‘მნიშვნელოვანი და საინტერესო’ პატიმრების დაკითხვას მაღალჩინოსნები ესწრებიან და ადამიანების წამება ნორმა გახდა.

არადა, ეს გამიგონია და წამიკითხავს, მაგრამ გამეორებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი. ახლა დანაშაულის გრძნობისგან დაღლილი, ვფიქრობ რატომ ვიყავი ჩუმად?

იმიტომ, რომ მე თვითონ ბოლომდე არ მჯეროდა, იმიტომ, რომ ისინი არ დაიჯერებდნენ, იმიტომ რომ არ მეგონა ადამიანის ფანტაზია ავადმყოფური სისასტიკის ასეთ დონეზე თუ შეიძლება მივიდეს, იმიტომ ამ ყველაფრის გადახარშვა მტკივნეულია.

მე ვიცი, რომ ეს საშინელი ვიდეო ერთ-ერთი, ყველაზე მტკივნეული გამოვლინებაა იმის, რასაც ეს ადამიანები (არ ვიცი სად იწყება და სად მთავრდება მათი სია) სხვადასხვა ფორმით და დოზით გვიკეთებენ. თუმცა ეს ერთ-ერთი ფორმაა და არა ერთადერთი. პირადად ჩემი პროფესია გააბახეს და გააუფასურეს. აზრი და ღირსება დაუკარგეს.

მათ გადაწყვიტეს, რომ თუ გინდა ადამიანები კარგად მართო, სისტემას მათი გაუპატიურება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით უნდა შეეძლოს. ვიღაცას ციხის კედლებში აწამებ, ვიღაცას თავისუფლებას გარეთ შეუზღუდავ, ტელეფონზე მოუსმენ და დააბეზღებ, ტყუილს ათქმევინებ, ან სიმართლის თქმას აუკრძალავ.იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენც ისეთივე ტკივილი მოგვაყენეს, როგორც მათ, ვინც ამ ვიდეო ფირებზე ჩანს. იმის თქმა მინდა, რომ სადაც როგორ გაუვიდათ, ისე ‘გვიხმარეს’.

ნაციონალური ჟურნალისტიკა ზემოდან მითითებების შესრულებად აქციეს, მე ეს კარგად ვიცი, მაგრამ რუსთავი2–დან წამოსვლის შემდეგ შვიდი წელია ვიძახი, იქ ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს და ამაზე საუბარი არ მინდა–მეთქი. ხოდა, ახლა, როცა ამ კადრების გამო საკუთარი თავი და საკუთარი დუმილი მეზიზღება, ყველას მინდა მოვუყვე.

 

2004 წელი - გაუპატიურების პირველი მცდელობა, რომელსაც მე შევესწარი

რევოლუციიდან ალბათ ერთი თვის თავზე, მაშინ "კურიერ პოსტ სკრიპტუმის" ჟურნალისტი, ირმა ნადირაშვილი ტელეფონით გიგა ბოკერიას თავისი სიუჟეტის ტექსტს უკითხავდა. ერთ-ერთი წამყვანი მივიდა და ყუმილი გამოართვა, გიგა, რატომ გიკითხავს ჟურნალისტი ტექსტსო. ბოკერიამ უპახუხა, რა იყო, რა მოხდაო და დაკიდა. თუმცა მეორე თუ მესამე დღეს ისევ დარეკა, ეთერში გასვლამდე ტექსტში რაღაც დეტალის დასაზუსტებლად და ცვლილებების შესატანად.

 

ნებაყოფლობითი თანაცხოვრების ამბავი, რომელსაც მე არ შევსწრებივარ

იმავე პერიოდში ჩემი კოლეგა "რუსთავი2"–დან გიგი უგულავაზე სიუჟეტს იღებდა. უგულავას დაურეკეს და რაღაც ჰკითხეს, გიგიმ უპასუხა, ცენტრში დადექი და ასე თქვი "აქ დენთის სუნი ტრიალებს"-ო. სამეგრელოს მაშინდელი გუბერნატორის მობილურმა რამდენჯერმე დარეკა, მეორე ხაზზე ვიღაც აზუსტებდა - რისი სუნი ტრიალებს? როგორ ვთქვა? უგულავაც დამარცვლით უმეორებდა, დენ-თის, დენ-თის. გადაღებიდან დაბრუნებულამა კორესპონდენტმა ეს რომ მოგვიყვა, ბევრი ვიცინეთ. თუმცა იმ საღამოს 9 საათიან "კურიერში" ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის სიუჟეტში მკარცი სახით გვითხრა "აქ დენთის სუნი ტრიალებსო".

პირველს და მეორეს ბევრი სხვა მოყვა, ჩემს თვალწინ ჩემს პროფესიას ყოველდღიურად აყენებდნენ შეურაცხყოფას. ერთხელ ნაცმოძრაობის პიარშიკს, რომელიც მაწვებოდა, ტყული თქვიო, ასე ვუთხარი: ჟურნალისტი იმას თუ არ ამბობს, რასაც ხედავს და იმას იმეორებს, რაც ხელისუფალს უნდა, ეს მას ისევე შეურაცხყოფს, როგორც რელიგიურ ადამიანს ხატზე შეფურთხება–მეთქი. კარგი რა, შენ ხომ არ ხარ რელიგიური, რა ღირებულებზეა ლაპარაკი, – ასე მიპასუხა.

ნადირაშვილ-ბოკერიასა და ჟორჟოლიან-უგულავას ინციდენტები უბრალოდ პირველი იყო და იმიტომ ვყვები, თორემ ასეთი და უარესი ბევრი მინახავს ან გამიგია. ჩემს პროფესიაში ყველა დაწერილი და დაუწერელი ნორმა ჩემს თვალწინ ირღვეოდა, მაგრამ კონკრეტული სახელები და გვარები, კონკრეტული ამბები არასოდეს მომიყოლია.

ამაზე ინტერვიუს ხომ არ მივცემდი? ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, "რუსთავი 2-–ს" სამზარეულოში მხვდებოდნენ, "ჯიგრულად" მიღიმოდნენ, მეამხანაგებოდნენ... ასეთი რამ სხვაგანაც ხდება ალბათ, კოლეგას ვერ დავაბეზღებ - მაშინ ასე ვფიქრობდი. მაშინაც კი, როცა ქვეყნიდან წავედი და მათთან არც კოლეგიალური და არც მეგობრული ურთერთობა არ მაკავშირებდა, არ დამისახელებია არავინ. არადა, რამდენჯერ უთხოვიათ ჩემთვის უცხოელ ჟურნალისტებს ან მკვლევარებს, კონკრეტული ფაქტები გვითხარიო. ახლა ვერ ვხვდები, რა "ძველბიჭობას" გადავაყოლე ყველაფერი. რომ მეთქვა და მეყვირა, იქნებ სადღაც ვიღაცას რაღაც ეღონა. ახლა მგონია რომ დანაშაულის შეგრძნების ტარების კი არა, უარესის ღირსი ვარ.

ალბათ, ამ საშინელმა კადრებმა ყველა იმიტომ შეგვზარა, რომ ადამიანობის და თანაგანცდის გრძნობა არ დაგვიკარგავს. მაგრამ ალბათ კიდევ იმიტომ, რომ საკუთარი თავი დავინახეთ. ცოტ-ცოტა ჩვენ ხომ ყველა გაუპატიურებულები ვართ. ვიღაცა მაშინ, როცა სიმღერა აუკრძალეს, რადგან ინტერვიუში პატრული გააკრიტიკა. ვიღაცა მაშინ, როცა სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან ‘ბებერია’ - 40 შეუსრულდა. ვიღაც მაშინ, როცა გადაღებული და დამონტაჟებული სიუჟეტი ეთერიდან მოხსნეს, რადგან ‘კანცელარიიდან დარეკეს, არაო’. ვიღაც მაშინ, როცა სასამართლომ თეთრზე თქვა შავიაო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ვიღაც მაშინ, როცა მეგობართან მისი საუბარი ჩუმად ჩაწერეს და ისე ‘გაატელევიზორეს’ თითქოს ტერორისტი ყოფილიყო... ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არ მინდა გავაგრძელო, მინდა, რომ დავასრულო.

- რითი მჟღავნდება ერთი ადამიანის ძალაუფლება მეორეზე, უინსტონ?

უინსტონი ჩაფიქრდა:

- ტანჯვის მიყენებით.

- სწორია, ტანჯვის მიყენებით. მორჩილება საკმარისი არ არის. თუ ადამიანი არ იტანჯება, როგორ დარწმუნდები, რომ შენს ნებას ემორჩილება და არა თავისას? ძალაუფლება მჟღავნდება ტკივილისა და დამცირების მიყენებაში.

ჯორჯ ორუელი "1984"

http://mzera.tv/module-5/308-botlze-dasmuli-media