20 სექტემბერს, ბერლინში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რითაც სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს “ძალადობრივი რეჟიმის” წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე ახალგაზრდების აქციას. ჩვენ მის ორგანიზატორს, “კონსერვატიული პარტიის” წევრს ბიძინა გიორგობიანს დავუკავშირდით.
ბიძინა გიორგობიანი : ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება იმის თაობაზე, რაც ხდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში. გეტყვით, რომ ჯარშიც არ არის სახარბიელო მდგომარეობა. გაიხსენეთ გურჯაანელი ახალგაზრდები, რომლებიც სადისტურად მოკლეს ნაწილში. შემთხვევები, რომლებიც ახლა დაფიქსირდა, საქართველოში 2005 წლიდან მოყოლებული ხდება და საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ სხვაა, როცა ადამიანს თვალწინ დაუდებ ფაქტებს. ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან, მაგრამ როდესაც მისი თვალით ნახავს ყველაფერს, ეს მათში უკვე იწვევს ისეთ აღშფოთებას, როგორსაც დღეს ვხედავთ საქართველოში. იმის ატანა, რაც საქართველოში ხდება, აღარ შეიძლება. არსებული რეჟიმის გამო ჩვენ არა მარტო სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, ფაქტობრივად, ადამიანის სახე და ღირსება დავკარგეთ.
რატომ დავკარგეთ, რა არის ამის მიზეზი, ბატონო ბიძინა?
მიტომ, რომ საქართველოს დაპატრონებული ჰყავს მანიაკების, ფსიქიკურად შეშლილი ადამიანების ბრბო, რომელიც ამ 8 წლის განმავლობაში საქართველოს სახელით საერთაშორისო საზოგადოებასაც ატყუებდა. მადლობა ღმერთს, ჩვენ თვალი ავუხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს იმაზე, რაც ქვეყანაში ტრიალებს და აღარ დარჩა თავის პატივისმცემელი პოლიტიკოსი თუ ორგანიზაცია, რომელიც ამათ სერიოზულად აღიქვამს და ისევ ისე უყურებს, როგორც თავის დროზე მაკკეინი და ჯორჯ ბუში უმცროსი. ხელისუფლების პროპაგანდისტებისაგან - დარჩიაშვილისგან, წიკლაურისგან, ნოდიასგან და მსგავსებისგან ჩვენ ხშირად გვესმოდა ჩემი და სხვების მისამართით, ეგენი სახელს გვიტეხენ უცხოეთშიო. მათ ჩემგან არ ჭირდებათ ეს, თვითონ იტეხენ სახელს იმ საქმიანობით, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ. მე ახლა მაგათ თავს თუ გავუტეხ, თორემ სახელს ვეღარ. მათ ეს შესანიშნავად მოახერხეს არა სახელმწიფოს მართვის წესით, თავიანთი საქმიანობით, ცხოვრების წესით. მათი ცხოვრების წესია სადიზმი, რომელსაც ისინი მისდევენ ციხეებსა თუ სამხედრო ნაწილებში.
ციხის გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ძალადობს ხელისუფლება?
- ძალადობს ყველგან და ყველა ნაბიჯზე. ხელისუფლება ძალადობს სამსახურებში მოსამსახურეების წინააღმდეგ, სკოლებში - მასწავლებლების წინააღმდეგ, ბიზნესში _ ბიზნესმენების წინააღმდეგ, პოლიტიკაში - პოლიტიკოსების წინააღმდეგ... ეს არის მოძალადე მანიაკების ხროვა, რომლებიც ერთ დროს, ერთ პერიოდში აღმოჩნდნენ ისეთ ადგილას და ხელსაყრელ პირობებში, როცა თავი შეასაღეს საერთაშორისო საზოგადოებას როგორც რეფორმატორებმა და სინამდვილეში, იყვნენ ღრმად კონსპირირებული დამნაშავეები, მანიაკების საკრებულო, რომლებმაც აიხდინეს რა, თავიანთი ოცნება - მოხვდნენ ხელისუფლებაში, გამოამჟღავნეს ველური ინსტიქტები, რომლის მაგალითები და სამწუხარო ნიმუშებიც ბოლო დღეებში ვნახეთ ტელევიზიით. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ ჩვენი თვალით არ გვქონდა ნანახი.
ხელისუფლებამ ამ მოვლენას თავისებური ინტერპრეტაცია მისცა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო “სისტემური მარცხი”, თუ სისტემური დანაშაული?
-სააკაშვილს ჰგონია, რომ ის კიდევ რამეს წარმოადგენს. ეს არ არის სისტემური მარცხი, ეს მისი რეჟიმის მარცხი და დასასრულია. ამას ესენი ვერ ხვდებიან, რადგან რეალობას არიან მოწყვეტილნი. ესენი ლაზიკიდან ტრაბიზუნდისკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე, რაღაც გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. სისტემური მარცხია, როდესაც რომელიმე სამსახური გამართულად ვერ მუშაობს. სააკაშვილი იმას კი არ ლაპარაკობდა, რომ რაც მოხდა მათი პოლიტიკური რეჟიმის კრახია, არამედ იმაზე, რომ თითქოსდა, პენიტენციურ სისტემაში, ერთ ლოკალურ ციხეში, ერთმანეთს დაუკავშირდა იქ მომსახურე კრიმინალი პერსონალი, შეთქმულებას ჰქონდა ადგილი, 12 კაცმა დაარღვია კანონი და ამით დამთავრდა ყველაფერი. რა, ქსნის, რუსთავისა და გეგუთის კოლონიებში ნაკლები ხდება? ეს რომელიმე ერთი დაწესებულების პრობლემა კი არ არის, არამედ საზოგადოების პრობლემაა. ჩვენ რომ ეს დავუშვით, ამაში ყველანი ვართ დამნაშავენი. ეს არ არის ერთი რომელიმე დაწესებულების მარცხი, არამედ იმ ხუხულის ჩამოშლის პროცესი, რომელი ხუხულაც ააგო სააკაშვილმა თავისი 8 წლიანი ხელისუფლების პერიოდში.
პატიმართა წამების კადრებმა ყველა მაღალჩინოსანი “შეაძრწუნა”, თვით ახალაიებიც კი, რომლებმაც თურმე არაფერი იცოდნენ, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
-ეს გამორიცხულია. რასაკვირველია, სააკაშვილმა ეს იცოდა, ეს იცოდა მერაბიშვილმაც. არ გახსოვთ, გავრცელებული ფარული ჩანაწერი, სადაც ისინი ერთმანეთში ხითხითებენ – ვიღაცას ისე გააუპატიურებენ ციხეში, ჩვენ რომ ვიცითო და მერაბიშვილი რომ კისკისებს? მათ იცოდნენ კი არა, ეს მათი დავალებით ხდებოდა. როგორ გგონიათ, ის ჩანაწერები სად მიდიოდა? ეს მანიაკები ალბათ სადღაც სხდებოდნენ, სვამდნენ, ამ ფირებს უყურებდნენ და ერთობოდნენ. სიტყვის მასალად არ ვამბობ, რომ ეს არის მანიაკების და ფსიქიკურად შეშლილი ადამიანების ხელისუფლება. მათი შეძრწუნება და სიტყვების რახარუხი ჩვენ არ გვჭირდება. თუ ასე შეძრწუნდა როლანდ ახალაია, მოხსნას მისი კანდიდატურა ზუგდიდში, რატომ არ ხსნის?!
მინისტრი ბაჩო ახალაია გადადგა, თუმცა საზოგადოება ამით არ კმაყოფილდება და მის დასჯას ითხოვს. ჩვენ გვახსოვს მისი ძმა დათა, რომელიც ფორმალურად გადადგა და შემდეგ უფრო დიდ თანამდებობაზე მოვიდა
- ეჭვი მაქვს, რომ ახალაია ფორმალურად გადადგა. შეხედეთ, სააკაშვილი მინისტრებს კი არ აყენებს, არამედ ისინი თითქოს მათი განცხადების საფუძველზე თავისუფლდებიან. სააკაშვილი კი არ უშვებს ამ სადისტებს, მათ წასვლას ის ახალგაზრდები აიძულებენ, ქუჩაში რომ არიან. საქართველოში 18 სექტემბრის შემდეგ ისეთი რამ მოხდა, ცხოვრება ძველებურად ვეღარ წავა. ესენი იძულებულნი არიან, ვიღაცეები სადღაც გადამალონ. დღეს ვინმეს ახსოვს, მაია ნადირაძე? ასეთი ადამიანები საზოგადოებისათვის იმდენად აუტანლები იყვნენ, გადამალეს. ასევეა ახლა ეს “ბახჩო” ახალაია. გადადგება თუ არა იგი, ეგ არაა საინტერესო და საკმარისი, “ბახჩო” და მისნაირები უნდა იყვნენ ციხის მკაცრი კონტროლის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ხმამაღლა ვამბობ, რომ ყველა ის მოქალაქე, ვინც ხმას მიცემს ნაციონალურ მოძრაობას, არის ერთ-ერთი იმათგანი, ვინც პატიმარს ცოცხს ჩრიდა უკანალში.
- ბატონო ბიძინა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას გადასარჩენად რესურსი აღარ რჩება. ასეთ პირობებში, მისი მხრიდან ალბათ პროვოკაციებისგან არ ვართ დაცულნი.
- რა თქმა უნდა, ამ მანიაკებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ვეჭვობ, მიზანს მიაღწიონ. საზოგადოება იქცევა ძალიან ბრძნულად და პრაგმატულად. ამ წლების განმავლობაში ჩვენ კარგად ვისწავლეთ პროტესტის გამოხატვაც, პროტესტის გამოხატვის ზომიერებაც და, შესაბამისად, პროტესტის შედეგიანობამაც იმატა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ და არჩევნებით გადავიყვანოთ საქართველო პოლიტიკური განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ დესტაბილიზაცია, უკონტროლო პროცესები, მაგრამ პროტესტი, რომელსაც სტუდენტები გამოთქვამენ, ჯანსაღია და მშვიდობიანი. ჩვენ, როგორც ქართველებს, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა დაგვიდგა. მე არ შეიძლება ვიყო იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელი სახელმწიფოს მოხელეც იმ საქმეს აკეთებს, რაც ვნახეთ. ეს სადისტი ადამიანები ხალხის ხელფასიდან ბიუჯეტში დაკავებული ფულიდან იღებენ ხელფასს და სჩადიან იმას, რასაც ვუყურეთ. ანუ ჩვენ გვაქვს არა მარტო მორალური, არამედ თვითიდენტიფიკაციის პრობლემა. ვინ ვართ ჩვენ? შეიძლება, რომ ჩვენც და ისინიც ვიყოთ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები, ერთი ერის წარმომადგენლები? დღენიადაგ უცხო დამპყრობლებს ვაბრალებდით ჩვენს უბედურებას, მაგრამ 22 წელია დამოუკიდებლები ვართ და რას დავამსგავსეთ ის ქვეყანა, რომელსაც საქართველო ერქვა?! ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს, როგორც დანაშაულებრივი პარტია, რომელმაც საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა!