სახალხო დამცველის აპარატმა ამინისტრაციულ დაკავებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პირთა ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს სწავლობს.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 26 სექტემბერს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის აპარატს მოაწოდა ინფორმაცია, ამა წლის 21 სექტემბრიდან დღემდე ადმინისტრაციული წესით, საქართველოს მასშტაბით დაკავებული რამდენიმე ათეული პირის შესახებ.
ბოლო დღეების განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შსს დროებითი მოთავსების იზოლატორშები მოინახულეს 13 პირი, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული. თითოეული მათგანი (დაჩი ცაგურიას გარდა), სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს აღნიშნულ პირთა ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს. მომავალშიც ყველა მსგავს ფაქტს და მათ დეტალურ შესწავლას სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს მხარეებს, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიჩინონ განსაკუთრებული თავშეკავება, რათა აღნიშნულმა მოვლენებმა არ გამოიწვიოს სახელმწიფოში არსებული სიტუაციის დაძაბვა“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.