ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.
როგორც ზაქარეიშვილმა From.ge -სთან საუბარში განაცხადა, სიტყვით გამოსვლის დროს სააკაშვილი არც ერთ საერთაშორისო საკითხს არ შეეხო და ყურადღება მხოლოდ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე გაამახვილა.
აქედან გამომდინარე, ექსპერტს მიაჩნია, რომ გაეროს ასამბლეაზე პრეზიდენტმა მხოლოდ თავისი ამომრჩევლებისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის ილაპარაკა.
„გამოსვლაში მისი ყველა მესიჯი ივანიშვილის წინააღმდეგ და თავისი ამომრჩევლის მობილიზაციისკენ იყო მიმართული. მის არც ერთ განცხადებაში არანაირი მნიშვნელოვანი გზავნილი არ გაკეთებულა. ნიუ-იორკში ის ჩავიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გამოსვლა იქედან უფრო ეფექტური იქნებოდა თავისი ამომრჩევლებისათვის, ვიდრე ეს წეროვანიდან თუ ხონიდან იქნებოდა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი განმარტებით, სწორედ ამის გამო მას დარბაზში არავინ არ უსმენდა. გარდა ამისა, ზაქარეიშვილის თქმით, ჩასულ პრეზიდენტს არც ერთი შეხვედრა არ გაუმართავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილი სრულ იზოლაციაშია მოქცეული.
„ეს არის სამარცხვინო ფაქტი. სააკაშვილი ინტრიგაში და პანიკაშია და ეს გაეროშიც ნათლად გამოჩნდა. უბრალოდ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მას და განვაგრძოთ გზა 1 ოქტომბრისკენ“, - განაცხადა მან.
ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ის კურსი, რომელის სააკაშვილს აქვს არჩეული, არა თუ უნდა შეიცვალოს, არამედ საერთოდ ციხეში უნდა აღმოჩნდეს. მისი თქმით, ქვეყანაში ისეთი მოვლენები მიმდინარეობს, რაც ზოგადად სახელმწიფოსთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი.
„საქართველოს ამ რეჟიმში სახელმწიფოს ნიშნები არ აქვს. მაშინ, როცა სასამართლო იღებს რაღაც გადაწყვეტილებას, შემდეგ მას ბოკერია აუქმებს და ასეთი სხვა არა ერთი შეუსაბამობა ხდება, აბსურდული და ამაზრზენია. როგორც შევარდნაძის ეპოქაში არ არსებობდა საქართველო როგორც ქვეყანა, ისე არ არსებობს სააკაშვილის რეჟიმში. რაღაც აბსურდში და სპექტაკლში ვცხოვრობთ. შესაბამისად უნდა შეჩერდეს ეს სპექტაკლი და ქვეყნის მშენებლობა უნდა დავიწყოთ“, - დასძინა ექსპერტმა.