სპორტსმენები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან

სპორტსმენები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული პატიმართა სოლიდარობის აქციის მონაწილე სპორტსმენები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ პირველი კორპუსის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ. სპორტსმენები სკანდირებენ „საქართველოს გაუმარჯოს!“ 

მსვლელობის დაწყებამდე სპორტსმენებმა და სპორტის ქომაგებმა  ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ გმობენ პენიტენციალურ სისტემაში ძალადობის ფაქტებს და მოითხოვენ სათანადო რეაგირებასა და დამნაშავეების დასჯას. ამასთან, სპორტსმენების განცხადებით, მათ შეკრებას პოლიტიკური მიზანი არ აქვს.

აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობენ: სპორსტმენები, მწვრთნელები, სპორტის დამსახურებული ოსტატები, ოლიმპიური გუნდის წევრები და ოლიმპიური პრიზიორები და ჩემპიონები.

აქციაზე საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ძიუდოისტი შოთა ხაბარელიც იმყოფება.

მისი თქმით, არსებული ხელისუფლებისგან კიდევ ბევრი სიბინძურეა მოსალოდნელი, მაგრამ ამას ქართველი ხალი არ დაუშვებს.

„იმ უმსგავსობებს, რომლებსაც პრეზიდენტის ბანდა აკეთებს, წერტილი უნდა დაესვას. თსუ-სთან სტუდენტებს შევუერთდებით და მათ მოთხოვნებს გავიზიარებთ, რადგან, ვფიქრობ, რომ მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია“- განაცხადა ხაბარელმა.

სპორტსმენებს ავტომობილების მძღოლები გაბმული საყვირით სოლიდარობას უცხადებენ. მათ ტაშით ხვდებიან ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობა.