დღეს, 21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათზე დაიწყებს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა“ იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.