რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, პირადად როლანდ ახალაიამ და მისმა მეზობლებმა ჟურნალისტები სცემეს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ნანა ფაჟავა ყვება ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტები როლანდ ახალაიას სახლთან იმის გასარკვევად მივიდნენ, მართლაც დატოვა თუ არა როლანდ ახალაიამ ზუგდიდი.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს როლანდ ახალაიამ ზუგდიდი დატოვა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მის სახლთან მივედით. თუმცა, ფანჯარაში შევნიშნე მისი ლანდი, ამიტომ, გადავწყვიტეთ მისგან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი მიგვეღო. ამასობაში ახალაიას სახლთან მისი მეზობლები მოვიდნენ, საკმაოდ გამომწვევად იქცეოდნენ, როლანდ ახალაიაც გამოჩნდა, რომელმაც ნაძირალა მეძახა. ვკითხე - ვინ არის ნაძირალა-თქო და ამის შემდეგ იქ საშინელება დატრიალდა - ატყდა ცემა-ტყეპა - ახალაიას მეზობლები, ქალები და კაცები ჟურნალისტებს დაერივნენ. ამის მიუხედავად ადგილიდან ფეხი არ მოგვიცვლია. პირადად მე ცხვირ-პირში მირტყამდნენ. როლანდ ახალაიამ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ პაატა ლაგვილავას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საპატრულო პოლიცია მიკრიავტობუსით გვივლიდა ირგვლივ. საპატრულო პოლიციის უფროსი, ალიკა ბელქანია თავად უყურებდა ჩვენს ცემას, მაგრამ ახლოსაც არ მოსულა“, - ყვება ნანა ფაჟავა.
For.ge უახლოეს ინფორმაციებს დაელოდება ზუგდიდიდან, რასაც უმალვე შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.