პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სიტუაციის ამსახველი ვიდეომასალა პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის თანხმობით იყოს გავრცელებული. ამის შესახებ შავგულიძემ, დღეს for.ge - ის პრესკლუბში განაცხადა.
შავგულიძის თქმით, ხელისუფლების შიგნით რღვევის პროცესი იწყება და აღნიშნავს, რომ შეიძლება ვიღაცა თავის გადარჩენას ფიქრობს და იბევებს სიტუაციას, რომ აი, მე როგორი კეთილი საქმე ჩავიდინეო.
„არ გამოვრიცხავ, რომ გაჟონა ინფორმაციამ, რომ გარკვეული თანამდებობის პირისგან ასეთი მასალა გავრცელდა და ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო. მანაც გადაწყვიტა უფრო სერიოზული ინფორმაციის გავრცელება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვანო მერაბიშვილი იყოს. მაქვს სუბიექტური განცდა, რომ მერაბიშვილი მასალების გავრცელების მონაწილეა. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შიგნით რღვევაზე მიუთითებს და მიუთითებს იმას, რომ დამარცხებას გრძნობენ, გრძნობენ, რომ უმრავლესობაში ვერ დარჩებიან და ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველები ვეღარ იქნებიან. ასეთ შემთხვევაში, თითოეული მათი წარმომადგენელი ცდილობს, მომავლისთვის რაღაც გარანტიები შეიქმნას, რომ მკაცრი პასუხისმგებლობის წინაშე არ დადგეს“, - განაცხადა შავგულიძემ.
მისი თქმით, ქართველი საზოგადოება ძალიან მალე გახდება მოწმე, რომ ამ პოლიტიკური ძალის უძლეველობის შესახებ, მითი გაზაფხულის თოვლივით დადნება.
„ერთიანი ძალა, რომელიც ამ ადამიანებს აერთიანებთ, ერთობლივი დანაშაულებებია. მათ ძალიან ბევრი დანაშაული აქვთ ერთად ჩადენილი. ეს როგორც წესი, ხუხულასავით ძალიან სწრაფად ირღვევა. ჩვენ ამის მომსწრეები ძალიან მალე გავხდებით. ეს ხუხულა ძალიან მალე დაინგრევა“, - განაცხადა შავგულიძემ.