საარჩევნო ბლოკ „ ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ოპოზიციაზე კონტრშეტევა განახორციელოს, თუმცა აღნიშნა რომ ამის შესახებ ის ამ ეტაპზე არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
ამის შესახებ მან For.ge-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთანა საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ასეთ საზარელ დანაშაულშია მხილებული, აუცილებლად შეეცდება გადაფაროს ეს არასახარბიელო წინასაარჩევნო სიტუაცია და ოპონენტ პოლიტიკურ ძალებს ცილისწამებით მოსცხოს ჩირქი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ველოდებით, ვინაიდან ამ ადამიანებს დიდი ხანია არ შეუძლიათ სიმართლისთვის თვალის გასწორება. მე ქართული საზოგადოების სიფხიზლის მეიმედება. ქართული საზოგადოებას ასეთი მონაჭორებისა და ცილისწამებების უკვე აღარ სჯერა. ისინი ძალიან კარგად აფასებენ რა არის სიმართლე და რა ცილისწამება“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
მსგავს ფაქტად ადვოკატმა ფოტოგრაფების ჯაშუშობის საქმე მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების პიარისთვის მოგონილი მორიგი სიყალბე იყო.
„ჩვენ გვახსოვს ათასი ასეთი სატელევიზიო გამოსვლა, გვახსოვს გენერალური პროკურორი, რომელიც ტელეწამყვანის სახით იჯდა და პირდაპირ სერიალებს გვთავაზობდა გადატრიალებებზე, გვახსოვს ფოტოგრაფების ჯაუშობის ვერსია და ა.შ. ბევრი ასეთი მაგალითი გვაქვს ნანახი და საზოგადოება ძალიან საღად აფასებს ამ ყველაფერს. ყველამ იცის, რომ ეს ფოტოგრაფები არანაირი ჯაშუშები არ იყვნენ და ეს მხოლოდ ხელისუფლების პიარისთვის მოგონილი მორიგი სიყალბე იყო“, - დასძინა მან.