"გლდანის მე-8 საპყრობილეში მოქმედ ჯგუფი, რომელიც პატიმრების წამებას ახორციელებდა, კიბოს უჯრედები არიან“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს, რომ ეს კიბო მთელ სახელმწიფო ორგანიზმს მოედოს.
მისი თქმით ის ყველა იმ მოქალაქეს უერთდება, რომლებიც შეძრწუნებული და გააფთრებულია მომხდარის გამო.
„რაც ხდებოდა გლდანის საპყრობილეში, არის ის, რაც მეზიზღება და რისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ახალ საქართველოში კიდევ სადმე ასეთი კიბოს უჯრედები არსებობენ“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის არასდროს ყოფილა ასე გაბრაზებული და აღშფოთებული.
პრეზიდენტმა აღიარა სისტემის სერიოზული შეცდომა და ხელისუფლების დიდი მარცხი და განაცხადა, რომ ხელისუფლება არ იხსნის პასუხისმგებლობას მომხდარზე. თუმცა სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს არ არის იმის საბაბი, რომ საქართველო უკან დაბრუნდეს, საიდანაც ძლივს ქვეყნის გამოყვანა დაიწყეს.
ამასთანავე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იქნეს გამოყენებული.
„მივმართავ იმას, ვინც ამას აფინანსებდა, ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაიცვალოს არჩევნებზე, ხომ არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყოს. თუ იცი თვეების განმავლობაში, რომ ასეთი რამ ხდება, ამაში იხდი ფულს, როგორ შეიძლება წყნარად გეძინოს და თანაც ხელებს იქნევდე, რომ ეს არჩევნებისთვის შეიძლება კარგი დამადასტურებელი საბუთი იყოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის პირი, ვინც ამას თვეების განმავლობაში აკეთებდა და ყიდდა, დღეს ლამის გმირად გამოაცხადეს.
„ჩვენი სახელმწიფო, ბავშვი ჭუჭყიან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, საზიზღრობა შეიძლება ბევრგან მოხდეს, ჩვენზე ბევრად მეტად განვითარებულ სახელმწიფოში, მაგრამ საზოგადოების ინსტიქტი განვითარების გაგრძელება უნდა იყოს“ - დასძინა მან.