ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს. ქართველი ადვოკატები ევროკავშირის პრეზიდენტს ჯოზე მანუელ ბაროზოს სთხოვენ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შსს მინისტრი ბაჩო ახალაია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მტრები.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშილის განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია სააკაშვილის მიმართ ძალიან რბილია.
„ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დიდი ხანია საქმის კურსშია ქართულ ციხეებში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა, თავისი უსიტყვო თანხმობით სააკაშვილის რეჟიმს აძლიერებს“, - განაცხადა ხატიაშვილმა და აღნიშნა, რომ დიმიტროვს ერთი წლის წინ პირადად გადასცა პატიმარ არქანიას წერილი, რომელშიც გაუპატიურების შესახებ აცხადებდა, თუმცა, ამ ფაქტზე დიმიტროვს რეაქცია არ ჰქონია.
„სწორედ, ევროკავშირის ელჩის დუმილმა მოიტანა ის საშინელებები რაც საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი“, - განაცხადა ხატიაშვილმა.
ადვოკატები მოითხოვენ, დიმიტროვმა მომხდართან დაკავშირებით მკვეთრი შეფასება გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეს ჯოზე მანუელ ბაროზოს საქართველოდან მის გაწვევას მოთხოვენ.
ადვოკატების აღნიშნულ მოთხოვნას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა. საელჩოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რამდენიმე ადვოკატს ელჩის მოადგილესთან გასაუბრება შესთავაზა, რაზეც ადვოკატებმა უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ შეხვედრას მხოლოდ ელჩთან დათანხმდებიან.