აკა მორჩილაძე - რაღაცეები ჰემინგუეის შესახებ

აკა მორჩილაძე - რაღაცეები ჰემინგუეის შესახებ

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ როცა ბიჭი თვრამეტი-ცხრამეტი წლისაა და ცოტ-ცოტა წიგნებსაც კითხულობს, ჰემინგუეი მსოფლიოში საუკეთესო მწერალი ჰგონია.
მგონი მეც ასე ვიყავი.

მისი კარგა მოზრდილი სურათიც მქონდა, რომელიც მეცხრე საავადმყოფოს მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყიდე, კრუგთან, როგორც მაშინ ამბობდნენ.
კრუგი იმ ადგილს იმიტომ ერქვა, რომ ოდესღაც ტრამვაი უხვევდა. ასე მითხრეს ძველმა ვაკელებმა, იქ თავდებოდაო.

მაგრამ ეს ჰემინგუეის არ ეხება. მიწისქვეშეთში უზარმაზარ ფოტოქაღალდებზე დაბეჭდილი ბუნდოვანი პლაკატები იყიდებოდა _ “ბიტლზი”, ხელიხელგადახვეული სიუზი კვატრო და კრის ნორმანი, “პინქ ფლოიდი”. ვერ იყო ღირსეული გამოსახულებები, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა ხოლმე. ჰოდა, ჰემნიგუეიც ამათში იყო. მგონი მეცხრე კლასში ვიყიდე.

ეს იყო საბჭოთა კავშირში ჰემინგუეის ყველაზე გავრცელებული ფოტო, რომლისთვისაც პერანგის ზედა ღილები და საყელო რეტუშით შეესწორებინათ.
ჰემინგუეის ხელი ჩამოედო რაღაცაზე და სევდიანი ღიმილით უყურებდა ობიექტივს. რახან სრულიად განუმეორებელი გამოხედვა ქონდა, ჰემინგუეი ძალიან პოპულარული იყო.

ამ ფოტოს ბავშვობიდან ვიცნობდი: ასეთი სერიის წიგნაკი გვქონდა: ერთი მოთხრობის ბიბლიოთეკა და ყდაზე ყოველთვის მწერლების ფოტოები იყო. ერთი მოთხრობა და ფოტო. ჰოდა, გვქონდა “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”, ზედ კი ეს ფოტო, რომელიც მერე გადიდებული ვიყიდე. ოღონდ წიგნაკის ყდაზე მას კუბოკრული პერანგი ეცვა, გადიდებულზე კი _ უფერო; ანუ იქაც რეტუში იყო.

ახლა, როცა ვეღარც იმ წიგნს ვპოულობ და ის სურათიც სადღაც გაქრა, რატომღაც მგონია, რომ სურათი ჰემინგუეის წიგნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ის იერი გაკითხებდა. თეთრწვერა ჰემინგუეი ძალიან მაგარია სურათებზე. სულ სხვანაირი, ვიდრე სინამდვილეში იყო. თუმცა, აქვე უნდა გამოვტყდე, რომ “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა” ეგრეც ვერ წავიკითხე, ვერც მაშინ (ალბათ იმიტომ, რომ 13-14 წლის ვიყავი და ძალიან მოსაწყენი და ბუნდოვანი რამ იყო ჩემთვის, თუ იმას გამოვაკლებთ, რომ მოქმედება აფრიკაში ხდება) და ვერც მერე.

ამ წიგნს ჯადოსნური ეპიგრაფი აქვს. სრულიად გადასარევი. არც ვიცი სხვა წიგნი, ასეთი მაგარი ეპიგრაფი რომ ჰქონდეს. მერე რომ ვცდილობდი “კილიმანჯაროს” წაკითხვას, მეჩვენებოდა, რომ ეპიგრაფი ბევრად ჯობია თვითონ წიგნს. არ ვიცი, ეს რისი ბრალი იყო, მაგრამ მაინც ვეღარ წავიკითხე. ეგებ იმიტომ, რომ ჰემინგუეის კითხვა ისე აღარ მიყვარდა, როგორც ოცი წლის წინათ.

არის ასეთი სულელური ფილმი “კილიმანჯაროს” მიხედვით, თვითონ ჰემინგუეისაც არ მოსწონდა: გრეგორი პეკი თამაშობს. იქ ესპანეთის ომის ამბებიცაა ჩამატებული. ის ფილმი რომ ვნახე, მერე კიდევ ვცდილობდი “კილიმანჯაროს” წაკითხვას და მაინც არაფერი გამომივიდა.

ერთი დრო იყო და ჰემინგუეის ნაწერებით ვცხოვრობდი და მეგონა, რომ იმ ნაწერებში ვიყავი და ცხოვრებაც ისეთია, როგორც იმათში იყო აღწერილი. მეტს არც არაფერს ვკითხულობდი და რახან რაღაცეების წერა მინდოდა, მეგონა, რომ მასზე უკეთ ამას ვერავინ ახერხებდა. საერთოდ, ახლაც მგონია, რომ ჰემინგუეიმ უამრავი რამ შეცვალა ნაწერში. ოღონდ ისე მოხდა, რომ რომანები მოსაწყენი გამოუვიდა, მოთხრობები კი, მგონი, მსოფლიოში საუკეთესო.

ასევე მგონია, რომ მოთხრობას, ნოველასაც რომ ეტყვიან, მან აზრი დაუკარგა. უფრო სწორად, მის სერიოზულად წერას, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, კაცმა ისეთი სერიოზულობით დაწეროს მოთხრობა, როგორც ამას ჰემინგუეი ახერხებდა. არ გამოუვა და მორჩა. თუ მის გამოთვლებს და წერის მანერას გაჰყვება, ეს უბრალოდ გამეორება იქნება და მორჩა. სხვანაირად კი ისეთი არ გამოვა.

როგორ ვთქვა, არ ვიცი, ამ ჭკვიანურ ლაპარაკებში მოვისუსტებ. გვერდების იმ მოცულობაზე, ჰემინგუეის მოთხრობა რომაა განფენილი, შეუძლებელია სხვამ იმდენი დატიოს, რამდენსაც ის ტევდა. ჩვენს ბავშვობაში მოარულ ფანტასმაგორიებს შორის, ერთ-ერთი ასეთი იყო, რომ იაპონელებმა თითის სიგრძე ბოთლი გააკეთეს, რომელშიც სამი ლიტრი ეტევაო. აი, რაღაც ასეთია. თვითონაც რომ ლაპარაკობდა, აისბერგიო. დღეს ცოტა უბრალო შედარებად ჩანს, მაგრამ მაინც, ეგრეა და მორჩა.
სხვა ვერავინ შეძლებს ასეთი ნოველების წერას. ეს კაცი დილის ექვს საათზე დგებოდა და ფეხზე მდგომი წერდა საწოლ ოთახში, მაღალ მერხთან, ფანქრით ხელში. ითვლიდა და ხაზავდა. თუ თავი მოვაბი, მერე დავწერ, როგორ წარმომიდგენია მისი სამოთხრობე მუშაობა.

ჰემინგუეის პირველი მოთხრობა, რომელიც წავიკითხე, ისეთი იყო, რომ ავტორს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემმა კაი ამხანაგმა გამოაძვრინა წიგნი გაკვეთილზე.
მოთხრობის წაკითხვის არსი ერთადერთი იყო _ იქ აღწერილი ეროტიკული სცენა. მოთხრობას ერქვა “იქ, მიჩიგანში”, “უ ნას ვ მიჩიგანე,” “აფ ინ მიჩიგან” და თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი მოთხრობა, რომელიც ცხოვრებაში გამოუქვეყნეს ჰემინგუეის.

მოთხრობამ მოულოდნელად ვიღაცის აღმოჩენით მოიპოვა პოპულარობა ჩვენს კლასში და ზოგიერთები იმასაც კი ეშმაკობდნენ, რომ ცდილობდნენ, გოგოებისთვის წაეკითხინებინათ.

ამ მოთხრობიდან რაც მახსოვს, სიცივეა, მიჩიგანის ტბის პირად რომ დგას. გოგოს მგონი ლიზი ჰქვია, ბიჭს კი _ მჭედელი ჯიმი, ან რამე სხვა. იქ მათი სექსია აღწერილი. გოგოსთვის ეს პირველია. ეს არის მთელი მოთხრობა. ახლა რომ ვფიქრდები, კიდევ რა მახსოვს, პირველ რიგში რაღაცნაირი სისველე მაგონდება, ნესტი, თუ რაღაც ასეთი, ფიცრები და ის, რომ შემთვრალ ჯიმს თმა გასწეწოდა. საუცხოოდ დაწერილი მოთხრობაა, ოღონდ ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეროტიკა _ თუ ფოტოებს და სასწაულით ხელში მოხვედრილ ჟურნალს, ან იატაკქვეშა ფოტოებს არ ჩავთვლით, იძებნებოდა თვით “დეკამერონსა” და “დიდოსტატის მარჯვენაში”, ასევე, ნებისმიერი ფილმის ნებისმიერ კადრში _ რავი, ყველგან. ამიტომ, დიდად არ ვთვლი, რომ ეს ჩემი ნამდვილი ნაცნობობა იყო ჰემინგუეისთან. თანაც, მოთხრობა ეროტიკის

დასამახსოვრებლად ძალიან პირქუში იყო და გოგოც წარმოუდგენლად საცოდავი; ანუ, ავტორმა თავისი საქმე გააკეთა და იმან აბა, რა იცოდა, როცა ანასტას მიქოიანთან ერთად არაყს სვამდა, რომ სამხრეთ საბჭოეთში (და ეგებ სხვაგანაც) მისი პირველი მოთხრობა ეროტიკულ შთაგონებათა წყარო შეიქნებოდა ყმაწვილთა შორის.
ჰემინგუეის პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო “ჰარი მორგანი”. ცალხელა შკიპერის ამბავი, კი უესტსა და ჰავანას შორის რომ დაცურავს, კონტრაბანდისტებთან, რევოლუციონერებთან, ემიგრანტებთან ერთად, და შინ ცოლი და სამი ქალიშვილი რომ ჰყავს.

აქვე უნდა გამოვტყდე, რომ ეს არის ჰემინგუეის ერთადერთი რომანი, რომელიც თავიდან ბოლომდე და იმავდროულად, ბევრჯერ წამიკითხავს და თან, ფურცლები არ გამომიტოვებია. მაგრა მომწონდა “მშვიდობით, იარაღო”, მაგრამ იქაც კი გამომიტოვებია რაღაცეები. “ფიესტაზე” აღარაფერს ვამბობ. რა თქმა უნდა, ეს ჩემს სასახელოდ არაფერს ამბობს, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ “ვის უხმობს ზარში” ყველაზე მეტი გამომიტოვებია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კომუნისტების დროს ეს წიგნი კუპიურებით იყო გამოცემული, შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, არც წამიკითხავს.

ახლა მინდა გამოვტყდე, რომ ჰემინგუეის ომისშემდგომი წიგნებიდან ყველაზე უფრო “მარადიული დღესასწაული” მომწონს. ბოლო დროს არქივში ნაპოვნი “სამოთხის ბაღი” ვერ დავამთავრე, “მდინარის გაღმა, ხეთა ჩრდილებში” ორ საღამოს მომევლინა სატანჯველად, ხოლო “სახიფათო ზაფხული” მაინც უბრალო ჟურნალისტური წიგნი მგონია, ისევე როგორც “აფრიკის მწვანე ქედები”, რომელიც ამას მირჩევნია.
მოკლედ, ამის წამკითხველი იტყვის, რომ თუკი რამე მეჯავრება ქვეყნად, ჰემინგუეის რიმანებია.

ოღონდ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალია და თუ ვეღარ ვკითხულობ, უფრო ჩემი ბრალი უნდა იყოს, ვიდრე მისი. მიზეზები არ მიძებნია. მოსაწყენობა _ იოლი სიტყვაა.

ის კი ზუსტად ვიცი, რატომ ვკითხულობ “ჰარი მორგანს” ხშირად (ოღონდაც მწერლის და მისი ქალის ამბების გამოტოვებით): იმიტომ, რომ ამბავი მომწონს და ისიც, რომ რაღაცნაირად, მგონი, ჰემინგუეისთვის სრულიად მოუწესრიგებლადაა დაწერილი.

ოღონდაც, ეს სულ არაფერს ნიშნავს, რადგან ჰემინგუეის მოთხრობებზე არაფერი მითქვამს.

თავიდან “ნიკ ადამსის მოთხრობებს” ვკითხულობდი, ისევ მიჩიგანურ ამბებს. იმათში ყველაზე მაგარი ჩემთვის “ათი ინდიელი” იყო: როცა ნიკს მამა უამბობს, რომ მისი ინდიელი მიჯნური, პრუდი ვიღაცასთან დაინახა ტყეში. ისე დახვეწილად უამბობს, ისე დგას გზაში, სხვადასხვა ადგილას ათი მთვრალი ინდიელი…

ჰემინგუეის დედა არ უყვარდა. მამამისმა თავი მოიკლა სანადირო თოფით, მერე თვითონაც _ სანადირო თოფით. ნიკის მოთხრობებში ყველგან მამაა. როცა თვრამეტი წლის ხარ და ათასი პრობლემა გაქვს, ხშირად თავი ნიკი ადამსი გგონია. თუ, რა თქმა უნდა, კითხულობ მის ამბებს. თან, მგონი, წარმოიდგენ კიდეც, რომ ბარე ორმოცი წლის ჰემინგუეი ხარ და ეს ყველაფერი დაწერე. თან ისიც გგონია, რომ ეს ყველაფერი გაიარე, რაღაც ამის მსგავსი შენც გემართება. ნიკი ადამსის ამბებში არაფერი ისეთი არ არის, თვრამეტი წლის ბიჭისთვის უცნობი რომ იყოს, ოღონდაც, რას ნიშნავს ეს ამბები _ თვრამეტი წლის ბიჭი გვიანღა ხვდება. იმ დროს კი, როცა კითხულობს, თავგადასავლებშია გახვეული: სვამს კიდეც, უარესებსაც სჩადის ხოლმე და, რა თქმა უნდა, გოგოს ეძებს. იქ, ჰემინგუეის ბიჭს პირველი გოგო ჰყავს აღწერილი: ეს ინდიელი პრუდი. არ ვიცი, სხვა ვინ მოიფიქრებდა პირველი გოგოს აღწერას, თუმცა, ალაბთ, ყოველ კაცს ახსენდება თავისი პრუდი. ასეთი რამ, მგონი, არც ჯეკ ლონდონს გაუკეთებია და არც ვინმე სხვას, თუნაც ისეთებს, სულ ქალებზე რომ წერენ.

გავიცინოთ: მარკიზ დე სადსაც არ მოფიქრებია. საერთოდ, კიდევ, ჰემინგუეი ქალებში ძალიან მაგრად ერკვეოდა. მთელი ცხოვრება მათთან მარცხდებოდა, მაგრამ ერკვეოდა. ალბათ ბევრს ფიქრობდა მათზე. “ვის უხმობს ზარში” ერთი ადგილია, უმაგრესი. წეღან რო ეროტიკულ სცენას ვიხსენებდი მიჩიგანიდან, ის არაფერია ამასთან შედარებით. სრულიად არაფერი. იქ, უბრალოდ, დიალოგია. “ჰარი მორგანში” ასეთი დიალოგები ცოტა უხამსია, ჰარის ცოლი ვერ ითმენს))))))), აქ კი, გაქანებულ ომში… რა ვიცი, უამრავ მაგარ ლექსს სიყვარულზე ეს ადგილი ჯობია. მე მირჩევნია და სხვას კი არ ვეხვეწები.

ყველაფერ იმაში, რაც ჰემინგუეის დაუწერია, ჩემი პირველი უსაყვარლესი ნაწერია მოთხრობა “ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება”. იმის მერე _ “მკვლელები” და “მარადიული დღესასწაული”, მაგრამ ამაზე ახლა არ მოვყვები.
“ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება” არის უსასტიკესი, უსაშინლესი, უმძიმესი ამბავი კაცზე, რომელიც ბედნიერების წამს მოკვდა. თუ თავისუფლების წამს. თუ მაშინ, როცა იფიქრა, რომ ღირსებამ არ მიატოვა.
“მოხუცსა და ზღვაში” ჰემინგუეი წერდა, კაცი დამარცხებისთვის არ დაბადებულა, შეგიძლია მოსპო, მაგრამ ვერ დაამარცხებო. მაკომბერი კი ოცი წლით ადრინდელია. მგონი ოცით, ჰო.
ახლა ამ მოთხრობის შინაარსის მოყოლა სისულელეა.
უბრალოდ, პირველად რომ წავიკითხე, სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მოთხრობების წერას აზრი არა აქვს.

აქა-იქ წამიკითხავს, რომ ჰემინგუეის სიუჟეტების პრობლემა ჰქონდა.
მგონი უფრო ბოლო 15-20 წელიწადს. ეს მოთხრობა კი იმ დროისაა, როცა ის ყველაზე კარგად წერდა.

მერე და მერე, სულ ვფიქრობდი, როგორ მოიფიქრა მან ასეთი დასასრული, როცა ქალი გაისვრის და თავის კაცს დააჭედებს შუბლში. რა თქმა უნდა, თავიდანვე იცოდა. საერთოდ, როგორ იგონებდა ასეთ მოთხრობებს?

ტორეროებზე რომ არის კიდევ, “50 ათასი” ჰქვია და კიდევ სხვებიც. უბრალოდ, ეს “მაკომბერი” ძვალსა და რბილში ატანს. არის კიდევ ერთი ეგეთი მოთხრობა, “სამდღიანი უამინდობა”, “კატა წვიმაში” და კიდევ “თეთრი სპილოების მსგავსი მთები” და კიდევ _ “ბატონი და ქალბატონი ელიოტი” და ამ ნაწერებში ყველაფერი ქალზე და კაცზეა. ერთგან უშვილობა, მეორეგან შვილის მოლოდინი, მესამეგან სასტუმროს ოთახი, მეოთხეგან კი, მაკომბერის ამბავში _ ტყვია შუბლში. არანაირი რომანტიკა და სირბილე ამ მოთხრობებში არ არის. კი არა, ისიც მეეჭვება, რომ მის საომარ და სანადირო თავგადასავლებში არის რაიმე რომანტიკა. ის ლოთი იყო. ნამდვილი, კულტურული ლოთი, რომელიც დილიდან ნელ-ნელა შეუდგება საქმეს. მას უყვარდა ტურგენევი და ჯოისი და მისი საუკეთესო მოთხრობები რაღაცით გავს ჯოისის “დუბლინელებს” და ტურგენევის “მონადირის ჩანაწერებს”. მაგრამ მისი კაცები ხშირად რაღაცით გვანან ჯეკ ლონდონის კაცებს. მგონი ბედისწერის ამბავში, ხოლო ნიკი ადამსი უღიმილო ტომ სოიერი თუ იქნება. ეს რომანტიკა კი რატომ ვახსენე, ვერ მივხვდი: თითქოს ჩვეულებრივ ამბებშიც კი დამალულია დიდი თავგადასავალი. ასეთი გამოდის ჰემინგუეის მოთხრობები. დიდი დრამების, დიდი ტრაგედიების სიჩუმით თხრობა. ფაქტიურად, სიჩუმით. იმიტომ, რომ მან ყველაზე უბრალო ინსტრუმენტები აირჩია და ისინი ხელიდან აღარ გაუგდია.

რომანებში ეს რატომღაც იკარგება. ალბათ იმიტომ, რომ რომანი სქელია, მოთხრობა კი თხელი. საერთოდ, რომანებიც მოთხრობებია. თუკი რამ არის იქ კარგი, გადასარევი მოთხრობა იქნებოდა, ოღონდ რახან რომანშია მოქცეული და ტერიტორიის პრობლემა აღარ აქვს, იჩაგრება.

“მაკომბერი” კიდევ… _ ეგ მე მგონი მაგ კაცის ცხოვრებაა. უფრო სწორად, კოშმარი, რომელიც ქალებში გახლართულ ჰემინგუეის ეწვევოდა ხოლმე. ცოლი სულ ოთხი ჰყავდა, მანამდე აგნესა ფონ კიროვსკი, ბოლოს კი ადრიანა ივანჩიჩი უყვარდა. ჯავრობდა და ნერვიულობდა. მგონია, რომ ბევრ კოშმარულ რამეს ფიქრობდა. ფრენსის მაკომბერიც ერთი ასეთი კოშმარია. ოღონდ კოშმარი რომ დრამად გადააქციო, ძალიან მაგარი მწერალი უნდა იყო. ჰოდა, ჰემინგუეი იყო ის მწერალი, რომელსაც ედგარ პოს მსგავსი ამბები მოსდიოდა თავში.

პო ბრწყინვალედ წერდა. მის მოთხრობებში მათემატიკაცაა, ისევე, როგორც ჰემინგუეის მოთხრობებში, მაგრამ პოს მოთხრობებში იქაური დახვეწილი კოშმარების მიუხედავად, არ არის ტრაგედიის შეგრძნება; ანუ ის, რაც ასე მაგარია პოსავე ლექსებში. ჰემინგუეისთან კი არის, ოღონდ კოშმარს რომანტიკული იერი დაკარგული აქვს და ყოფით ამბადაა ქცეული. ასე რომ მივყვე, გავაჭრელებ და ძალიან შორს წავალთ.

lib.ge