"დედათა კომიტეტი“ ციხეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს აკისრებს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე ქეთევან ადამიამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პატიმრების მშობლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ ხელისუფლება ყოველთვის ინფორმირებული იყო, თუმცა რეაგირებას შეგნებულად არ ახდენდა. კომიტეტის ინფორმაციითვე, საზოგადოებამ პროტესტი მანამდე არ გამოხატა, სანამ შემზარავი ვიდეოკადრები არ გავრცელდა.
"ფაქტია, რომ დღემდე საზოგადოებას არ ჰქონდა სათანადო ადეკვატური რეაგირება და მხოლოდ ვიზუალური ფაქტების გავრცელების შემდეგ გამოხატა შესაბამისი პროტესტი. მიგვაჩნია, რომ მკაცრად უნდა დაისაჯოს თითოეული თანამდებობის პირი, როგორც დამკვეთი ასევე შემსრულებელი, ვინც იღებდა მონაწილეობას, ან ევალებოდა თანამდებობრივად აღეკვეთა ასეთი შემზარავი ფაქტები. მომხდარ ფაქტებზე გამოძიებას უნდა აწარმოებდეს მთავარი პროკურატურაც, ხოლო მასზე მონიტორინგი საზოგადოებამ უნდა განახორციელოს", - განაცხადა ადამიამ.
კომიტეტი მოუწოდებს საზოგადოებას, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება არჩევნების გადადების მიზეზი და არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ გარემოში.