გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა იარსებებს, თუკი თანამდებობებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დატოვებს. აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს სპეციალური ბრძანებულება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ავტორიტეტული წევრების, ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებითა, პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მონაწილეობით შედგება.
ხელისუფლება, რომლის ქმედებების მიმართაც საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება არსებობს, წარმოუდგენელია ასეთი კომისიის გარეშე საქმეზე ანხორციელებდეს გამოძიებას. ამასთან, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პენიტენციალური სისტემის კონტროლი პოლიციას დაევალა. შესაძლებელია აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ უფრო მეტად მოახდინოს პატიმართა დათრგუნვა, მათი გულახდილობა ეჭვის ქვეშ დადგეს იმ საერთაშორისო მონიტორებთან, რომლებიც ციხეებში არსებული მდგომარეობის შესწავლას გადაწყვეტენ. საპატიმროებში პოლიციური კონტოლის დამყარება კიდევ უფრო მეტად ქმნის იმის საჭიროებას, რომ შსს მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, რეალური გამოძიების დაწყებისთვის კი პასუხისმგებაში იქნეს მიცემული სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე. როგორც ცნობილია, მან უკვე მომხდარ ფაქტზე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას ვაქცევთ საქართველოს პატიმართა მიმართ უკიდურესად ღირსებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების მიმართ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს და მიგვაჩნია, რომ მათი შეფასებები კიდევ უფრო მეტ შინაარს და კონკრეტიკას მოითხოვს. საკმარისი არ არის მოწოდებები ეფექტურ გამოძიებაზე, რომლის წინაპირობაც, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, მსგავსი სკანდალის მიმართ, მთავრობის გადადგომის შემდგომ მოხდებოდა. საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა მკვეთრად უნდა გამოთქვან პოზიცია ეფექტური გამოძიების და მომავალში ასეთი ფაქტების თავიდან აცილების წინაპირობების მიმართ. საზოგადოების ნაწილისთვის საკმარისი არგუმენტი არ არის მხოლოდ იმის მითითება, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა გამოიძიოს დანაშაული.
„ახალგარზდა ადვოკატები“ საქართველოს ციხეებში შემზარავი უფლებადარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ევროკავშირის, გაერო–სა და ევროსაბჭოს მისიების მხრიდან მონიტორინგის განხორციელების დაწყებას დაუყოვნებლივ მოვითხოვთ. ამასთან, უნდა მოხდეს ყველა ბრალდებულ პირთა მიმართ ღია მართლმსაჯულება, რათა საზოგადოება დარწმუნდეს ფაქტებსა და მოვლენებში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აზრით, ქვეყანაში შექმნილი სამოქალაქო და პოლიტიკური მდგომარეობა უთუოდ მოითხოვს ცვლილებებს არა მხოლოდ მმართველობის სფეროში, არამედ განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენას. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანიების „რუსთავი 2“ –ისა და „იმედის“ ჟურნალისტურ კორპუსს, გახსნან მათი ღია ეთერები თემაზე საჯარო დისკუსიისთვის. მივმართავთ ცალკუელ ჟურნალისტებს, ღიად გამოხატონ პროტესტი და მოითხოვონ იმ თანამდებობის პირთა გადადგომა, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ დანაშაულებრივ ქმედებებში. მივმართავთ ყველას, ვისაც საზოგადოებისთვის მსახურება ნახევარსიმართლე არ ჰგონია.