სახალხო დამცველი კიდევ ერთ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი პერმანენტულად მიაწვდის ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო ორი დღის განმავლობაში, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპატარი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ახორციელებენ ვიზიტებს ერთდროულად სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში, ამავდროულად რეაგირება ხორციელდება თითოეულ იმ უფლებადარღვევის ფაქტზე, რომელიც საჯარო გახდა ბოლო ორი დღის განმავლობაში.
სახალხო დამცველი პერმანენტულად მიაწვდის ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე. ამ დროისთვის ყველა მონახულებულ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მედიისა და სხვადასხვა პირების მიერ არაერთხელ დაისვა შეკითხვა, თუ რატომ არ გამოჩნდა პირადად სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 18 სექტემბერს უნდა დაბრუნდებულიყო თბილისში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში პირადად გამართავს ბრიფინგს განვითარებულ მოვლენებზე, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ამის საშუალებას მისცემს. სახალხო დამცველი 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს აპარატის მუშაობის კოორდინაციას და მუდმივ კონტაქტში იმყოფება მედია საშუალებებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.