საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ იხილა უტყუარი ვიდეო მასალა გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების წამების, არაადამიანური მოპყრობის და გაუპატიურების გამაოგნებელი ფაქტების შესახებ.
ორი წლის განმავლობაში გამოვთქვამდი შეშფოთებას პატიმრების წამების ფაქტების გამო. ვამბობდი, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში ადგილი ჰქონდა პატიმრების გაუპატიურების ფაქტებს, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია ჩემს მრავალჯერადად გაკეთებული განცხადებისთვის.
ერთი წლის წინ, გავახმაურე მალხაზ არქანიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. კერძოდ, არქანიას აყურებინებდნენ სხვა პატიმრების გაუპატიურების ფაქტებს. ხოლო, როდესაც მან გამოძიებას არ მისცა მათთვის სასურველი ჩვენება, მალხაზ არქანიას მიმართ განხორციელდა სქესობრივი ძალადობა.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა მოითხოვა მალხაზ არქანიას მიმართ განხორციელებული წამების ფაქტების გამოძიება, კალმახელიძის უწყებიდან არავინ არ დასჯილა.
დღეს, მთელი საქართველო დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს მართავს 21-ე საუკუნის ჰიტლერი-მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა სამართლებრივ კატასტროფამდე.
მივმართავ სამოქალაქო საზოგადოებას, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ სამოქალაქო საზოგადოების მტრის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბანდის გასამართლება.
დღეს, საქართველო დგას არნახული განსაცდელის წინაშე, რომელსაც გადაარჩენს მხოლოდ, სამოქალაქო საზოგადოების ერთად დოგმა”- ნათქვამია ადვოკატთა ასაცოიაცის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.