ლაური ლეპიკი: იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და თავისუფალი

ლაური ლეპიკი: იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და თავისუფალი

„იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და თავისუფალი და კარგად ჩაივლის“, - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა ნატო-ში ლაური ლეპიკმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თორნიკე გორდაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ესტონეთისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ამიტომ ლეპიკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი დარჩეს საკონსტიტუციო ჩარჩოებში.

როგორც ლეპიკმა აღნიშნა, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ინტეგრაციას როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თვალით ენახათ ის პროგრესი, რაც თვალსაჩინოა.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ უშუალოდ გავსაუბრებოდით ხალხს. ჩემი მთავრობა მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ინტეგრაციას, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში. იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და თავისუფალი და კარგად ჩაივლის", - განაცხადა ლაური ლეპიკმა.

თორნიკე გორდაძის განცხადებით კი, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები და ისაუბრეს საქართველოში რეფორმების შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესზე.

„საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს“, - განაცხადა მან.

ნატო-ს ელჩები საქართველოში მეორე დღეა იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ნატო-ში ლიტვის ელჩი კესტუტის იანკაუსაკი, ნატო-ში ესტონეთის ელჩი ლაური ლეპიკი, ასევე პოლონეთის ელჩის მოადგილე მიხაი მიარკა.