თბილისელები მუნიციპალურ ტრანსპორტში ხვალიდან ფასდაკლების ახალი სისტემით ისარგებლებენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების ელექტრონული ბარათით გადახდისას "მეტრომანით" სარგებლობს, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.
ახალი ფასდაკლების სისტემა ვრცელდება ყველა იმ კატეგორიის მგზავრზეც, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათებით უკვე სარგებლობს (პენსიონერები, სტუდენტები, პედაგოგები, სოცილურად დაუცველები).
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ფასდაკლების აღნიშნული სისტემა აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარულად სარგებლობს. მათივე ცნობით, ვებგვერდზე განთავსებულმა იდეამ, ხმათა საჭირო რაოდენობაზე მეტი მოიპოვა და იგი განხორციელდა.