კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ ჩხაიძემ სოფელ აკეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მის მხარდასაჭერად შეხვედრაზე პოლიტიკური გაერთიანება „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი კახი კალაძე ჩავიდა. მისი თქმით, ეს ადამიანი უაღრესად პატიოსანი და ღირსეული ადამიანია, ამიტომ იმედი გამოთქვა, რომ 1 ოქტომბერს, ის გაიმარჯვებს და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
„მე დარწმუნებული ამაში ვარ. ამას ვერც სააკაშვილი და ვერც ვერავინ აღუდგება წინ. რაც ქართველი ხალხის დაწყებულია, ის ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება აუცილებლად“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და მისი წარსულისთვის გადაცემა.
„ჩვენ გვიწევს ბრძოლა ისეთი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი, არის მოძალადე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ადამიანების უფლებები და ღირსება შეგვილახა. ამიტომ ჩვენ ის პოლიტიკურ სამარეში უნდა გავისტუმროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, აკეთის საკრებულოს წევრმა და სოფლის დეპუტატმა ზორბეგ ხუხუნაიშვილმა კახი კალაძის შეხვედრაზე სოფელ ჭანჭათიდან ხალხის ჩამოსვლისათვის ხელის შესაშლელად გზაზე ხრეში დააყრევინა, ხოლო აკეთის რწმუნებულის მოადგილემ სოსო ბარამიძემ დავით კუჭუხიძის ოჯახი დააშინა.