2012 წლის 9 სექტემბერს რუსთავის სადის #17 დაწესებულებაში მოშიმშილე პოლიტპატიმარ ცოტნე გამსახურდიას სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შესახებაც მისი დამცველისათვის ცნობილი მეორე დღესვე გახდა. ამის შესახებ From.ge - ს „ადვოკატთა ასოციაციიდან“ აცნობეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 11 სექტემბერს ცოტნე გამსახურდია მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის ჯგუფის წარმომადგენელმა მაია გიგინეიშვილმა და ექიმმა ლევან ლაბაურმა, რის შესახებაც დაიდო ცოტნე გამსახურდიას სხეულის დაზიანების შესახებ პირველადი სამედიცინო მონაცემები.
მონაცემების მიხედვითაც მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდია მთელს სხეულზე, კერძოდ თავისა და სახის არეში, შუბლის მიდამოში, ზედა და ქვედა კიდურების არეში, მარჯვენა მხარის წინა და უკანა ზედაპირებზე, ზურგზე ხერხემლის მალების გასწვრივ, იდაყვის მიდამოში მარჯვნივ, მარცხენა ბეჭის ძვალზე და მარცხენა თირკმლის საპროექციო არეში აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ექსკორაციები, ასევე მრავლობითი დაჟეჟილობები.
უფლებადამცველები აპროტესტებენ სახალხო დამცველის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ცოტნე გამსახურდიამ აღნიშნული მრავლობითი დაზიანებები მიიღო დაცემის შედეგად.
„აშკარაა დაზიანებათა სიმრავლე და ლოკალიზაცია, ცალსახად მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“, - განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
11 სექტემბერს, შუადღისას მოშიმშილე მსჯავრდებული გამსახურდია რუსთავის სადის #17 დაწესებულების მიერ მალულად იქნა გადაყვანილი სადის #18 სამკურნალო დაწესებულებაში, რათა დაეფარათ დანაშაულის კვალი.
უფლებადამცველები მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნეს ცოტნე გამსახურდია სამოქალაქო ტიპის კლინიკაში გამოკვლევებისა და ადექვატური მკურნალობის ჩასატარებლად.
„დაუყოვნებლივ იქნას დაშვებული ცოტნე გამსახურდიასთან ნეიტრალური დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები და ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მთელს პასუხისმგებლობას აკისრებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს“, - აცხადებენ „ადვოკატთა ასოციაციაში“.