საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ივანიშვილის საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა

საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ივანიშვილის საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა

მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ბიძინა ივანიშვილის საარბიტრაჟო განაცხადი (საჩივარი) საქართველოს მთავრობის მიმართ რეგისტრაციაში გაატარა.  ამის შესახებ ივანიშვილის სოციალური ქსელში, facebook-ში განცხადება გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ამის შესახებ მის სამართლებრივ მრჩევლებს ცენტრის გენერალურმა მდივანმა აცნობა.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 10 სექტემბერს მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა (ცენტრი) ბიძინა ივანიშვილის საარბიტრაჟო განაცხადი (საჩივარი) საქართველოს მთავრობის მიმართ  რეგისტრაციაში გაატარა.

 ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს  ცენტრის გენერალურმა მდივანმა აცნობა. საქმეს მიენიჭა ნომერი ARB/12/27 (ICSID Case No ARB/12/27).

 სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოწესრიგების შესახებ ვაშინგტონის 1965 წლის 18 მარტის კონვენციის თანახმად (რომლის წევრიც არის საქართველოს სახელმწიფო) ცენტრი იხილავს დავას (მხოლოდ) უცხოელ ინვესტორსა და მასპინძელ სახელმწიფოს შორის.

 აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის საჩივარი ემყარებოდა იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ შელახა მისი, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქის კანონიერი უფლებები, რადგან ყველა უკანონო ქმედება, რაც საქართველოს სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩაიდინა, განხორციელდა 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ - მას შემდეგ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა და ეს უკანასკნელი საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქე იყო.

 საჩივრის რეგისტრაციაში გატარებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის პროტესტი, რომლითაც საქართველოს მთავრობა საჩივრის რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქედ  არ უნდა მიჩნეულიყო. ამ მოსაზრების ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მთავრობამ დაასახელა ის, რომ 2012 წლის 27 მაისს თბილისში გამართულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ “მე ვარ საქართველოს მოქალაქე“.

 ცენტრის მიერ საქართველოს მთავრობის პროტესტი არ იქნა გაზიარებული და საჩივარი რეგისტრირებულ იქნა. ეს კი ნიშნავს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა საფრანგეთის მოქალაქედ როგორც საჩივრის შეტანის თარიღისათვის (15 აგვისტო, 2012 წელი), ასევე საჩივრის რეგისტრაციის თარიღისათვის (10 სექტემბერი, 2012 წელი).

 

საჩივრის რეგისრაციის შემდგომი ეტაპი არის საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა, რომლის ფორმირების შემდეგაც დაიწყება საქმის განხილვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.