„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ორგანიზაცია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.
ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ რამდენიმე ტენდენცია გამოავლინა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში აღინიშნა სამართლებრივი რესუსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება, კანონის დარღვევისთვის დადგენილი სანქციების არაპროპორციულობა, კანონის აღსრულების პრობლემა და შერჩევით სამართალწარმოება, პარტიების შესახებ ინფორმაციის არასათანადო გავრცელება, პოლიტიკურ ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებები, ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაშინება, ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, პარტიის საქმიანობისთვის ხელისშეშლა, ბიზნესზე ზეწოლა, სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები კანონმდებლობაში პოზიტიურად უნდა შეფასდეს, პარტიების მიმართ მმართველი პარტიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში რიგი რეგულაციების შემოღება. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით დადგენილი არაპროპორციული სანქციები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების საქმიანობის პარალიზება შეეძლო. შერჩევით სამართალწარმოება ძირითადად გამოიხატებოდა იმაში, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებებზე შერჩევითად ხდებოდა რეაგირება. ხშირი იყო, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სხვადასხვაა პარტიების შესახებ გარკვეული ინფორმაციის, მათ შორის ფინანსური ანგარიშების, გამოქვეყნების არააერთგვაროვნება“, - ნათქვამია ანგარიშში.
მასში ყურადღება გამახვილდა ასევე პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გათავისუფლებებზე. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან დათხოვნის 45 ფაქტი იქნა გამოვლენილი. ასევე, სავარაუდოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების დაშინების არაერთი ფაქტი გამოვლინდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის გამო, ადამიანებს არამხოლოდ ემუქრებოდნენ, არამედ ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 5 ასეთი ფაქტი გამოვლინდა.
„საანგარიშო პერიოდში ხშირად ხდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მხარდამჭერების და მათი ახლობლების დაკავების ფაქტები (11 ფაქტი). სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის გამოყენებით პოლიტიკური პარტიებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრებში ხელის შეშლაც ასევე ერთ- ერთ გავრცელებული დარღვევა იყო. პოლიტიკური ნიშნით, პარტიების წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა მათი ბიზნესის შევიწროების ხარჯზედაც ხდებოდა (5 ფაქტი). საანგარიშო პერიოდში ასევე სახელმწიფო ინსტიტუციური რესურსები (საჯარო მოხელეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა) მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხშირად გამოიყენებოდა. ასევე ხშირი იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველი ქმედებების განხორციელება როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი პარტიის მხრიდან“, - ნათქვამია ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ ახალი ანგარიშში „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“ პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქაართველოში“ ფარგლებში გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ კიდევ 2 კვლევას წარმოადგენს.