პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საკაბელო მაუწყებელსა და ტელევიზიებს შორის არჩევნების შემდეგ პერიოდში თანამშრომლობის გაგრძელებას მიესალმება.
„ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერ შეთანხმებას, ნებისმიერ საკაბელო მაუწყებელსა და ტელევიზიას შორის იმის თაობაზე, რომ მათი თანამშრომლობა გაგრძელდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი განმარტებით, ე.წ. მასთ ქერის საკანონმდებლო დასრულება არ ნიშნავს იმას რომ ასეთი თანამშრომლობა შეწყდება. ბაქრაძე იმედოვნებს, რომ კაბელები და ტელევიზიები ორმხრივად მისაღებ მოდელზე შეთანხმებას შესძლებენ და გრძერლვადიან პერსპექტივაში ერთმანეთთან ითანამშრომლობენ.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ე.წ. მასთ ქერის შეთანხმება საკაბელო მაუწყებელსა და კომერციულ არხს შორის კომერციული შეთანხმებაა და კანონმდებელს არ შეუძლია მუდმივად დაავალდებულოს საკაბელო მაუწყებლები საკუთარი კომერციული ინტერესის ხარჯზე გადასცენ სატელევიზიო არხები.
„გამონაკლისის სახით ამის გაკეთება საარჩევნო პერიოდში შეგვიძლია. მასთ ქერის დასრულება იმას არ ნიშნავს რომ კაბელებმა და ტელევიზიებმა უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა. მათ შეუძლიათ თანამშრომლობა გააგრძელონ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
კანონის თანახმად, ე.წ. მასთ ქერი(მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტი) არჩევნების ჩატარების წინა დღეს სრულდება.