საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დუშეთის რაიონს ესტუმრა და მდინარე თეთრ არაგვზე "არაგვი ჰესი" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ელექტროენერგიის სტაბილურად მზარდი მოხმარების ფონზე საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების ათვისების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსების მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აღნიშნული რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული.
“სწორედ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამჟამად ქვეყანაში 17 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა მან.
ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლის იანვარში დასრულდება. როგორც პრემიერის აპარატში აცხადებენ, "არაგვი ჰეს"-ის დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარია. ჰესის მშენებლობაზე 122 ადამიანია დასაქმებული.
მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი გუდაურსა და ფასანაურს შორის, სოფელ ნაღვარევში მდებარე საოჯახო სასტუმრო "არაგვ"-ს ესტუმრა და მის მფლობელს გაესაუბრა.
ვანო მერაბიშვილმა სასტუმროს მფლობელს გააცნო მთავრობის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება მცირე ზომის სასტუმროების რეკლამირებას მიექცევა, ვინაიდან სასტუმროებს ხშირად საშუალება არ აქვთ მსგავსი ხარჯები თავად დააფინანსონ.
„ამ მიზნით უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელშიც დიდ სასტუმროებთან ერთად შევა სასტუმრო "არაგვის" მსგავსი მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებიც, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს ოთახები წინასწარ, ინტერნეტის გამოყენებით დაჯავშნონ", - აცხადებენ პრემიერის აპარატში.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შედეგად, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში ტურისტების რაოდენობისა და მგზავრთა ნაკადის მკვეთრ ზრდაზე.