ცოტნე გამსახურდია ციხის ადმინისტრაციის პერსონალს პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და შიმშილობას იწყებს. გამსახურდია მოითხოვს გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა. ამის თაობაზე ცოტნე გამსახურდიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
,,მე, ცოტნე გამსახურდია რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულების უკანონოდ გასამართლებული პატიმარი, ვხედავ რა, სასჯელარსრულების დაწესებულების პერსონალის მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახველ მოპყრობას მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მკურნალობის განხორციელებაში, ჩემი ვალია გამოვაცხადო პროტესტი შიმშილობის ფორმით და საკუთარი ხმა მოგაწვდინოთ მრავალი პატიმრის მძიმე მდგომარეობის გადმოსაცემად, რასაც ვაცხადებ მოთხოვნის ფორმით:
1.მოვითხოვ, გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ რუსთავის #17 სასჯელარსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს ზაქრო ცაცაშვილს, სიმონ მამათელაშვილს და ზვიად მეოტიშვილს.
2.მოვითხოვ, ჩამიტარდეს ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა ხერხემლისა და ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებით.
3.მოვითხოვ, ჩატარდეს სასამართლო პროცესი – 2007 წელს სახელმწიფო უშიშროების მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ,,ჯაშუშობისა და გადატრიალების მცდელობის" გამო, რომელიც სპეციალურად, ჩემს მიმართ შეთხზეს.
ვიმედოვნებ, უყურადღებოდ არ დარჩება ჩემი მცდელობა, დავეხმარო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ამით დავრჩე საკუთარი ხალხის სამსახურში. თუნდაც ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამართლიანობის დიდი გამარჯვება იქნება", - ნათქვამია გამსახურდიას განცხადებაში.