კამპანია „ეს შენ გეხება“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ და „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ერთობლივი პრესკონფერენცია დღეს გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება და ერთობლივი მოთხოვნა წარმოადგინეს.
არასამთავრობოები ხელისუფლების გადაწყვეტილებას - გადახედოს ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების თემას, წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივესალმებით ხელისუფლების მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი გამყარებული იქნება კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯებით, რათა ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ქართული ტელეარხი, ხოლო მეორეს მხრივ, ეჭვები ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის თაობაზე გამოირიცხოს“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ხელმძღვანელის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზება მისასალმებელია, თუმცა, მისი თქმით, მათვის მთავარი ამოსავალი წერტილი შედეგია.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ტექნიკურ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მაქსიმალურად დროულად მოხდება შეთანხმება უწყებათაშორის კომისიასა და კომპანია „მაესტროს“ შორის“, - აცხადებენ არასამთავრობოები.
აქვე, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ საკანონმდებლო ცვლილებების გზით შექმნას გარანტიები, რათა „must carry”-ისა და “must offer”-ის პრინციპების მოქმედება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გაგრძელდეს.
„მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისათვის სასიცხოცხლო მნიშვნელობა აქვს must carry”-ისა და “must offer”-ის პრინციპებს, რომელთა ამოქმედებამ წინასააარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ამ პრინციპების მოქმედების გაგრძელებას არჩევნების დღეს და მომდევნო პერიოდში“, - აღნიშნეს მათ.