კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში პუტინის საუკეთესო პარტნიორი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდია. ამის შესახებ მან დღეს ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადების შემდეგ მოსკოვის რეაქციაც ადასტურებს.
„გუშინ კიდევ ერთხელ განმიმტკიცდა რწმენა, რომ საქართველოში პუტინის საუკეთესო მეგობარი სააკაშვილი და მისი გუნდია, რადგან მათ პირობებში კრემლი ახერხებს ჩვენს ქვეყანაში ყველა თავისი ძირითადი ინტერესის მიღწევას და ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას სდებს ბრალს რაღაცეებში, ეს უფრო დადგმულ სპექტაკლს ჰგავს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბილდტმა ოპოზიციას საქართველოში ვიზიტისას აქციებზე მიუთითა, უსუფაშვილის განცხადებით, როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შვედეთის მთავარ დიპლომატს მსგავსი რამ არ უთქვამს.