ამერიკის ეროვნული არქივიდან ამოღებული დოკუმენტები კატინის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. არსებობს იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ რუზველტის ადმინისტრაციისთვის კატინში ნკვდ-ს მიერ 22 000 პოლონელის დახვრეტის ფაქტი თავის დროზე იყო ცნობილი. არქივში ასევე ინახება ბრიტანეთის პრემიერის უინსტონ ჩერჩილის რუზველტისადმი მიწერილი წერილი, რომელიც კატინის ამბებს ინახავდა. ცნობილია, რომ რუზველტიც და ჩერჩილიც იმიტომ გაჩერდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სტალინი და რუსეთი გერმანიისა და იაპონიის ფაშისტური არმიის წინააღმდეგ მათი მოკავშირე იყო.
ამერიკის ეროვნულ არქივში შენახულია რუზველტისადმი გაგზავნილი საიდუმლო წერილები ამერიკელი სამხედრო პირების, რომლებმაც სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში, უამრავი ნახევრადგახრწნილი პოლონელი ოფიცრების გვამები ნახეს.
საბჭოთა კავშირი ამ დანაშაულს ყოველთვის გერმანელ ფაშისტებს აბრალებდა. დასავლეთის პრესის ინფორმაციით, ამერიკა გამოაქვეყნებს აგრეთვე იმ დოკუმენტებსაც, სადაც აღწერილია როგორ მიიყვანეს ფაშისტებმა ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები და ანახეს პოლონელ ოფიცერთა გვამები, რომლებიც მათ შემოსვლამდე იყვნენ კატინის ტყეში ჩაცხრილულნი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ 22 000 ადამიანს შორის არ იყვნენ მარტო ოფიცრები, აქ იყვნენ პოლონელი პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და მსახიობებიც კი.
შეგახსენებთ, რომ 1990 წელს ოფიციალურმა მოსკოვმა ნკვდ-ს მიერ კატინის ტყეში პოლონელების დახვრეტის ფაქტი აღიარა.