პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის, ვინც სააკაშვილმა შაბათის შეკრებაზე გამოიყვანა, მისი მხარდამჭერების მაქსიმუმია. ამის შესახებ, ივანიშვილმა დღეს, მოჭიდავეებისა და მოკრივეების გარკვეულ ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ივანიშვილის თქმით, მისი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ 15 %-ზე „დატოვოს“
„ის, ვინც სააკაშვილმა შაბათის შეკრებაზე გამოიყვანა, მისი მხარდამჭერების მაქსიმუმია - 150 ათასი კაცი. თვითონ ამბობენ, რომ 200 ათასი იყოო, ასეც რომ ჩავუთვალოთ, ესაა 7-8 %. ერთი ამდენი სიებით უნდათ რომ მოიპარონ. ჩემი მაქსიმუმიც ესაა, დავტოვო ისინი 15 %-ზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მან სპორტსმენებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვების მიღწევა მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი.
„მუდამ ვამბობდი, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ მხოლოდ ერთად დგომით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ წავიდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.